აშშ-რუსეთი

რუსეთი: აშშ-სთან დიალოგისთვის საჭიროა, მათ ჩვენი წითელი ხაზები არ გადაკვეთონ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს იარაღის გაუვრცელებლობისა და კონტროლის საკითხების დეპარტამენტის დირექტორის, ვლადიმირ ერმაკოვის თქმით, რუსეთს აშშ-სთან დიალოგზე უარი არასდროს უთქვამს, თუმცა ამ პროცესისთვის საჭიროა, რომ ვაშინგტონმა მოსკოვის "წითელი ხაზები" არ გადაკვეთოს.

"პრინციპში, დიალოგზე უარი არასდროს გვითქვამს. ამასთან ერთად, ნამდვილი დიალოგი მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მეორე მხარეს პარტნიორი ადეკვატურია. ამისთვის საჭიროა აშშ-ს "მომწიფება", რათა შედგეს სერიოზული საუბარი ჭეშმარიტად სწორუფლებიან საწყისებზე და მზადყოფნის საფუძველზე, პატივი სცენ ჩვენს ინტერესებს და არ გადაკვეთონ ჩვენი "წითელი ხაზები" უსაფრთხოების სფეროში". – თქვა ერმაკოვმა.

ერმაკოვმა დაამატა, რომ ახლა აშშ-სა და რუსეთის ურთიერთობებს შორის ზამთარია და არ იცის, როდის "მომწიფდება" აშშ.

აქამდე, რუსეთში აშშ-ს დროებითმა რწმუნებულმა, ელიზაბეთ რუდმა თქვა, რომ ვაშინგტონს სტრატეგიულ სტაბილურობასა და შეიარაღების კონტროლზე მოლაპარაკების განახლება სურს.

აქამდე, 28 ნოემბერს რუსეთმა ბირთვულ შეიარაღებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები, რომლებიც აშშ-სთან უნდა გაემართათ, ცალმხრივად გადადო. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განმარტა, გადაწყვეტილება მხარეებს შორის აზრთა სხვადასხვაობის გამო მიიღეს.

კომენტარები