ირანის საფეხბურთო ნაკრების წევრებმა პროტესტის ნიშნად სახელმწიფო ჰიმნი არ შეასრულეს. ფეხბურთელებმა დუმილით ირანში მიმდინარე პროცესები გააპროტესტეს. სპორტსმენების გადაწყვეტილებას ემოციურად შეხვდა სტადიონზე მყოფი ირანელი გულშემატკივარი.
ირანის სახელმწიფო არხმა Irib TV3 არშესრულებული ჰიმნის ეპიზოდი პირდაპირ ეთერში არ აჩვენა. არხზე ასევე ხმა ითიშებოდა იმ მომენტებში, როდესაც სტადიონზე მყოფი გულშემატკივარი ანტისახელისუფლებო მიმართვებით გაჯერებულ სიმღერებს მღეროდა.
ირანელმა ფეხბურთელებმა თამაშის წინ განაცხადეს, რომ პროტესტის ნიშნად გატანილ გოლს არ აღნიშნავენ. ნაკრებმა ინგლისის კარში ორი გოლის გატანა შეძლო და დაპირება შეასრულა.
ირანში ფართომასშტაბიანი ანტისამთავრობო დემონსტრაციები სექტემბერში ახალგაზრდა ირანელი ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. ის მორალის პოლიციამ დააკავა და სასტიკად სცემა. ქალი დაკავებიდან მალევე გარდაიცვალა.
ექსპერტთა შეფასებით, საპროტესტო აქციები ირანის მთავრობისთვის 1979 წლის რევოლუციის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა.
უფლებადამცველები ამბობენ, რომ დარბევების შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის რამდენიმე თინეიჯერი.
აშშ-მ ირანის მორალის პოლიციასა და უსაფრთხოების მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა. იგივე მალევე დიდმა ბრიტანეთმაც გაიმეორა.