კატარი 2022

უილიამსი კატარში იმღერებს: ყველაფერს თუ მივაქცევ ყურადღებას, სამზარეულოშიც ვეღარ ვიმღერებ

NME

რობი უილიმსი 8 დეკემბერს დოჰაში სოლო კონცერტს გამართავს, ინგლისელმა მომღერალმა შესაძლოა მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის დახურვაზეც იმღეროს. უილიამსმა იტალიურ გამოცემა il Venerdi-ისთან ინტერვიუში საკამათო გადაწყვეტილებაზე ილაპარაკა. 

"რა თქმა უნდა ადამიანის უფლებების დარღვევას არ მივესალმები, მაგრამ თვალთმაქცობა არ მჩვევია, თუ ჩვენ ადამიანის უფლებების დარღვევას არსად ვაპატიებთ, სამყაროში ყველაზე მოკლე ტური მექნება, საკუთარ სამზარეულოშიც კი არ შემეძლება სიმღერა. ყველა ვინც წერს "არა კატარს" ამავდროულად იყენებს ჩინურ ტექნოლოგიებს". – ამბობს მომღერალი.

კატარმა მასპინძლის სტატუსი 2010 წელს მიიღო, ქვეყანაში ფაქტობრივად არ არსებობდა საფეხბურთო ინფრასტრუქტურა, სასტუმროები და გზატკეცილები. ამ ყველაფრის ასაშენებლად კატარმა მიგრანტი მუშების მასიური დასაქმება დაიწყო. მრავალი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის აზრით მშენებლები მონურ პირობებში იმყოფებოდნენ. სხვადასხვა ინფორმაციით ათწლიანი მშენებლობისას 6000-დან 20 000-დე მიგრანტი დაიღუპა. გარდა ამისა კატარში უხეშად იზღუდება ადამიანის უფლებები. ამ ფაქტორების გათვალისწინებით უილიამსის გადაწყვეტილებას საზოგადოების ნაწილი ნეგატიურად შეხვდა.

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გახსნაზე შესაძლოა ბრიტანელი მომღერალი Dua Lipa ვიხილოთ, თუმცა პოპ შემსრულებელმა ინფორმაცია უარყო:

"კატარში არ ვიმღერებ, არც მიმიღია წინადადება. მაშინ ჩავალ იქ, როდესაც ყველა ადამიანის უფლება დაცული იქნება და მსოფლიო ჩემპიონატი მასპინძლობას დამსახურებულად მიიღებენ".

კატარის შერჩევა ერთ-ერთი ყველაზე საკამათო საკითხად რჩება მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში. ქვეყანამ მასპინძლობის მოსაპოვებლად დაამარცხა სამხრეთ კორეა, იაპონია, ავსტრალია და აშშ, მაგრამ იყო ბრალდებები პროცესში ფართო კორუფციის შესახებ. რასაც კატარი ყოველთვის უარყოფდა.

კატარს ბრალად ედებოდა მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად ფიფას ოფიციალურ პირებისთვის 3 მილიონი ფუნტის (3.7 მილიონი დოლარის) ქრთამის გადახდა, მაგრამ ორწლიანი გამოძიების შემდეგ ქვეყანა უდანაშაულოდ ცნეს

უილიამსი დიდი ალბათობით დახურვის ცერემონიას გააფორმებს. ასევე 8 დეკემბერს დოჰაში მას სოლო კონცერტი აქვს დაგეგმილი.

კომენტარები