მიხეილ სააკაშვილი

ბრეგაძე სააკაშვილზე: მივმართავთ სამხარაულის ცენტრს, რომ გაკეთდეს ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა

მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა გააკეთა განცხადება სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის შესახებ. ჩვენ მოვუწოდებთ ნებისმიერ პირს, რომელიც მსგავსი ტიპის ინფორმაციას ავრცელებს, პირველ რიგში, გადაამოწმონ ეს ინფორმაცია და წარმოადგინონ შესაბამისი მტკიცებულებები. მსგავსი დასკვნა სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის არავის წარმოუდგენია. საზოგადოების არასწორი ინფორმირების თავიდან არიდების მიზნით ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ არასწორი და ფაქტებით გაუმყარებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.

რაც შეეხება აღნიშნულ საკითხს, იმისთვის, რომ საზოგადოებას არ დარჩეს არცერთი კითხვის ნიშანი და, ამავდროულად, სახელმწიფომ გააკეთოს მაქსიმუმი, ჩვენ ხვალ დილით მივმართავთ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რომ გაკეთდეს ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა და საზოგადოებას ჰქონდეს სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

თქვა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ.

დღეს 20 ნოემბერს, სააკაშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ექსპრეზიდენტის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახური გამოეხმაურა - მათი განცხადებით, ავრცელებული ინფორმაციის უტყუარობის დამადასტურებელი ოფიციალური დასკვნა უწყებისთვის არავის მიუწოდებია.

კომენტარები