მიხეილ სააკაშვილი

პენიტენციური სააკაშვილზე: ფაქტებით გაუმყარებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავეთ

საზოგადოებრივი მაუწყებელი

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ექსპრეზიდენტის შესაძლო მოწამლვასთან დაკავშირებით. 

უწყება აცხადებს, რომ  მოწამვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის უტყუარობის დამადასტურებელი ოფიციალური დასკვნა მათთვის არავის მიუწოდებია.

პენიტეციური აცხადებს, რომ სააკაშვილი იმყოფება საავადმყოფოში სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ და უტარდება შესაბამისი სამედიცინო ღონისძიებები.

"საზოგადოების არასწორი ინფორმირების თავიდან არიდების მიზნით მოვუწოდებთ ყველას გადაუმოწმებელი და ფაქტებით გაუმყარებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ".- ვკითხულობთ განცხადებაში. 

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა თქვა, რომ სააკაშვილი მოწამლულია.

“ექსპერტები პირდაპირ მიუთითებენ, რომ ის ნიშნები, რომლებიც მოწამლვას ახასიათებს, ის ელემენტები არის აღმოჩენილი ბიოფსიური კვლევის შედეგად მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში. ის დინამიკა, რომელიც მის დაავადებებს მოჰყვა ჯანმრთელობის გაუარესების თვალსაზრისით, არის საფუძველი ითქვას, რომ არის მოწამლული, სხვაგვარად ასე არ განვითარდებოდა არცერთი დაავადება. 

თუ ხანგრძლივობა დაემთხვევა ვივამედში ყოფნის პერიოდს, ბუნებრივია, მაშინ ვივამედი იქნება პასუხისმგებელი ამაზე, თუ არა, მაშინ ის, სადაც მანამდე იყო მოთავსებული”. - ამბობს ვალერი გელბახიანი TV პირველთან. 

მანამდე, ექსპრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში ვერცხლისწყალი აღმოაჩინეს. 

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა ცენტრმა ემპათიამ უნდა გამოაქვეყნოს. სააკაშვილის მდგომარეობას, ქართველთან ერთად, უცხოეთიდან მოწვეული ექიმებიც იკვლევდნენ. 

კომენტარები