FIFA

"დღეს თავს ვგრძნობ, როგორც გეი, შშმ, არაბი" – FIFA-ს პრეზიდენტი დასავლეთის კრიტიკას პასუხობს

AP Photo/Abbie Parr

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე FIFA-ს პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ უფლებათა დამცველები კატარში ჩემპიონატის გამართვის კრიტიკის პასუხად ფარისევლობასა და ორმაგ სტანდარტში დაადანაშაულა

ინფანტინოს მტკიცებით, წარსულისა და ამჟამინდელი მოქმედებების გათვალისწინებით, დასავლეთს არ აქვს უფლება, "კატარს მორალის გაკვეთილები ჩაუტაროს".

"ბევრი, ბევრი გაკვეთილი მოვისმინეთ ზოგიერთი ევროპელისგან - დასავლური სამყაროსგან. ვფიქრობ, რასაც ჩვენ ევროპელები ვაკეთებთ ბოლო 3 000 წელია, ჯერ ამისთვის უნდა მოვიხადოთ ბოდიში კიდევ 3 000 წელი, სანამ მორალის გაკვეთილების კითხვას დავიწყებთ". - თქვა FIFA-ს პრეზიდენტმა. 

ინფანტინომ ასევე უარყო შეშფოთება იმის შესახებ, რომ LGBTQ+ ფანებს ქვეყანაში საფრთხე შეექმნებათ. მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ კატარში გეი ადამიანები წამების და პატიმრობის რისკის ქვეშ არიან, ფიფას დახმარებით, უსაფრთხოების ზომები დაცული იქნება.

"დღეს თავს ვგრძნობ, როგორც კატარში მაცხოვრებელი, არაბი, აფრიკელი, გეი, შშმ. დღეს თავს ვგრძნობ, როგორც მიგრანტი მუშა". - თქვა მან.

მან გამოსვლა დაიწყო იმის მტკიცებით, რომ, როგორც იტალიელი ემიგრანტების შვილს შვეიცარიაში, ღრმად ესმოდა კატარში მიგრანტი მუშებისა და სხვა უმცირესობათა გამოცდილების შესახებ.

"რა თქმა უნდა, მე არ ვარ კატარელი, არ ვარ არაბი, არ ვარ აფრიკელი, არ ვარ გეი, არ ვარ შშმ. მაგრამ მე ასე ვგრძნობ თავს, რადგან ვიცი, რას ნიშნავს იყო დისკრიმინაციისა და ბულინგის მსხვერპლი, როგორც უცხო ქვეყანაში მცხოვრები. ბავშვობაში მამცირებდნენ, რადგან  წითელი თმა და ჭორფლები მქონდა, ამასთანავე იტალიელი ვიყავი, ასე რომ წარმოდგენა შემიძლია". - დამატებით აღნიშნა მან.

გასულ წელს Guardian-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სულ მცირე 6 500 მიგრანტი მუშა დაიღუპა კატარში მას შემდეგ, რაც მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყო. თუმცა ინფანტინომ თქვა, რომ ასეთი კრიტიკა ფარისევლურია, იმის გათვალისწინებით, რომ 2014 წლიდან ევროპაში 25 000 მიგრანტი საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას დაიღუპა. 

უფლებადამცველმა ორგანიზაცია Equidem-ის ცნობით, მიგრანტ მუშებს, რომლებმაც კატარის მსოფლიო ჩემპიონატის სტადიონები ააშენეს, ხშირად მძიმე პირობებში უწევდათ საქმიანობა: იყვნენ დისკრიმინაციის მსხვერპლი, არ უხდიდნენ ხელფასებს და აყენებდნენ სხვა სახის შეურაცხყოფას. 

ინფანტინოს გამოსვლას დაუყოვნებელი კრიტიკა მოჰყვა უფლებადამცველი ჯგუფების მხრიდან. FairSquare-ის დირექტორმა ნიკოლას მაკგიჰანმა აღნიშნა, დიდი ალბათობით, ფიფას პრეზიდენტი კატარის მითითებით საუბრობს.

"ადამიანის უფლებების ლეგიტიმური კრიტიკის გვერდის ავლით, ჯანი ინფანტინო უგულებელყოფს იმ უზარმაზარ ფასს, რომლის გადახდაც მიგრანტ მუშებს მოუწიათ". - ვკითხულობთ Amnesty International-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რატომ ტარდება ჩემპიონატი კატარში? 

კატარის შერჩევა ერთ-ერთი ყველაზე საკამათო საკითხად რჩება მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში. ქვეყანამ მასპინძლობის მოსაპოვებლად დაამარცხა სამხრეთ კორეა, იაპონია, ავსტრალია და აშშ, მაგრამ იყო ბრალდებები პროცესში ფართო კორუფციის შესახებ. რასაც კატარი ყოველთვის უარყოფდა.

კატარს ბრალად ედებოდა მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად ფიფას ოფიციალურ პირებისთვის 3 მილიონი ფუნტის (3.7 მილიონი დოლარის) ქრთამის გადახდა, მაგრამ ორწლიანი გამოძიების შემდეგ ქვეყანა უდანაშაულოდ ცნეს

იმ დროს ფიფას მაშინდელმა თავმჯდომარემ, ზეპ ბლატერმა მხარი დაუჭირა, ჩემპიონატის კატარში ჩატარებას, მაგრამ ახლა ამბობს, რომ ეს შეცდომა იყო. 

2010 წელს - როცა კატარი მასპინძელ ქვეყნად შეირჩა, მას აკლდა ტურნირისთვის საჭირო სტადიონები, სასტუმროები და გზატკეცილები. ამ ყველაფრის ასაშენებლად მიგრანტი მუშების დასაქმება დაიწყეს. გასათვალისწინებელია, რომ სწორედ ეს უკანასკნელი შეადგენს სამუშაო ძალის 90%-ს ან მეტს. სწორედ ამ მშენებლობებისას დაიღუპა 6 500 მიგრანტი, Guardian-ის ცნობით. 

კომენტარები