რაკეტის ჩამოვარდნა პოლონეთში

პოლონეთი NATO-ს მე-4 მუხლის ამოქმედების შესაძლებლობას განიხილავს – რას ნიშნავს ეს?

პოლონეთის მთავრობის სპიკერის, პიოტრ მიულერის თქმით, უკრაინის საზღვართან მომხდარი აფეთქების საპასუხოდ, მთავრობა სამხედრო მზადყოფნის მობილიზებას იწყებს.

მიულერის თქმით, მთავრობა აქტიურად განიხილავს NATO-ს მე-4 მუხლის ამოქმედების შესაძლებლობას.

NATO-ს მე-4 მუხლის მიხედვით, თუ რომელიმე მოკავშირე თვლის, რომ მისი ტერიტორიული მთლიანობა, პოლიტიკური დამოუკიდებლობა, ან უსაფრთხოება საფრთხეშია, შეუძლია ალიანსს კონსულტაციისთვის მიმართოს. პრაქტიკაში, მე-4 მუხლის ამოქმედება ნიშნავს, რომ ალიანსი მსოფლიო მასშტაბით ძლიერ პოლიტიკურ სიგნალს აგზავნის, რომ NATO კონკრეტული სიტუაციით შეშფოთებულია.

მე-4 მუხლის გააქტიურება არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ალიანსი აუცილებლად მოქმედებაზე გადავა, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია წევრებს შორის დისკუსიების გაძლიერებისთვის. მე-4 მუხლით საფრთხის ქვეშ მყოფი წევრის სახელით, მოკავშირეებს შორის ფორმალური კომუნიკაცია დგება. 

ალიანსის შიგნით დისკუსიები ფოკუსირებულია იმაზე, არსებობს თუ არა რეალური საფრთხე და როგორ უნდა დაუპირისპირდნენ მას. NATO მიმართავს კონსესუსის გზას, რაც ნიშნავს, რომ ალიანსში ხმის მიცემა არ ხდება. ამის ნაცვლად, კონსულტაციები გრძელდება ერთსულოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე. 

როდის და რა შემთხვევებში გააქტიურდა მე-4 მუხლი?

NATO-ს 73-წლიანი არსებობის მანძილზე, მე-4 მუხლი მხოლოდ 7-ჯერ ამოქმედდა. უკანასკნელად ეს 24 თებერვალს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მოხდა, როდესაც ბულგარეთმა, ჩეხეთმა, ესტონეთმა, ლატვიამ, ლიტვამ, პოლონეთმა, რუმინეთმა და სლოვაკეთმა მე-4 მუხლის ფარგლებში კონსულტაციების გამართვა მოითხოვეს.

7 შემთხვევიდან 2-ჯერ, NATO-მ წევრი ქვეყნის თხოვნას სამხედრო დახმარებით უპასუხა. ორივე შემთხვევაში ეს ქვეყანა თურქეთი აღმოჩნდა - პირველად 2003 წელს, ერაყისა და თურქეთის საზღვართან თვითმფრინავებისა და სარაკეტო ბატარიების მიწოდებით, მეორედ კი 2012 წელს, როდესაც ანკარას პატრიოტის სარაკეტო ბატარიები გადასცა.

კომენტარები