რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ISW: ხერსონის ჩაბარების შემდეგ პუტინს უახლოესი წრე სულ უფრო და უფრო აკრიტიკებს

ვლადიმირ პუტინი

ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) უკრაინაში მიმდინარე ომზე 12 ნოემბრის ანგარიშში ნათქვამია, რომ ხერსონიდან გასვლის ბრძანებამ ომის მომხრეებსა და ვლადიმირ პუტინს შორის იდეოლოგიური დაპირისპირება გამოიწვია, რომლის საბოლოო შედეგიც პუტინის მიმართ ერთგულებისა და ნდობის შემცირებაა.

ISW-ი წერს, რომ "რუსული სამყაროს" იდეოლოგმა, კრემლის ულტრანაციონალისტმა პროპაგანდისტმა, ალექსანდრ დუგინმა ღიად გააკრიტიკა პუტინი, როდესაც მას ავტოკრატი უწოდა იმის გამო, რომ პუტინმა 12 ნოემბერს ხერსონის დათმობით რუსული იდეოლოგიის დაცვა ვერ შეძლო.

დუგინის მტკიცებით, რუსული იდეოლოგია ქვეყანას "რუსული ქალაქების" დაცვის პასუხისმგებლობას აკისრებს, როგორებიცაა ხერსონი, ბელგოროდი, კურსკი, დონეცკი და ა.შ. დუგინმა აღნიშნა, რომ ავტოკრატს ეკისრება პასუხისმგებლობა, გადაარჩინოს თავისი ერი. ასევე, მან პუტინის ადმინისტრაცია რუსული იდეის ერთგულების შიშის გამო ყალბი იდეოლოგიის დაცვაში დაადანაშაულა. 

ISW-ის შეფასებით, დუგინის ღია კრიტიკა შესაძლოა მიანიშნებდეს იმას, რომ პუტინის უახლოეს წრეში განწყობები იცვლება.  

გარდა ამისა, ISW-ის განმარტებით, პუტინს სულ უფრო და უფრო უჭირს იდეოლოგიურად ომის მომხრე ნაწილის დაშოშმინება იმის გამო, რომ რუსი სამხედროები თავდაპირველ მიზანს - უკრაინის მთავრობის დამხობასა და მთლიანი ქვეყნის ანექსიას - ვერ მიაღწევენ. 

ამასთან ერთად, პუტინის მომხრე ფსევდონაციონალისტი პროპაგანდისტები, როგორიცაა ვლადიმირ სოლოვიოვი, სულ უფრო და უფრო ხშირად ითხოვენ კრემლისა და უმაღლესი სამხედრო სარდლობისგან უკრაინაში "მოვალეობის" შესრულებას. სოლოვიოვის თქმით, რუსეთში უნდა გამოცხადდეს სრული მობილიზაცია და ხერსონის ქალაქის დათმობის შემდეგ, არაკომპეტენტური ჩინოვნიკები უნდა გათავისუფლდნენ.

კომენტარები