3 პარტიის გაერთიანება

ხაბეიშვილი 3 პარტიაზე: არა მარტო ისინი, ყველა პროევროპული პარტია უნდა გაერთიანდეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, მისთვის მისაღებია სტრატეგია აღმაშენებლის, დროასა და გირჩი – მეტი თავისუფლების გაერთიანება. ხაბეიშვილი ამბობს, არა მხოლოდ ისინი, არამედ ყველა პროევროპული პარტია უნდა გაერთიანდეს.

"ჩემთვის მისაღებია – არა მარტო ამ სამი ადამიანის ერთობა, მე მგონია, რომ საერთოდ დედამიწის ზურგზე, აქ, საქართველოში, საქართველოს მოქალაქე პატრიოტი ადამიანები, ვინც ფიქრობენ, რომ რუსეთსა და ევროპას შორის გვაქ არჩევანი გასაკეთებელი, ასეთი ბევრია – კვლევებიც აჩვენებს, პროევროპული პარტიები უნდა გაერთიანდნენ კონკრეტული მიზნისკენ". – თქვა ხაბეიშვილმა TV პირველის ეთერში.

ენმ-ს წევრი ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელოვანი პარტიებს შორის ერთიანობაა და ტექნიკურ საკითხებზე, მათ შორის ერთიან საარჩევნო სიაზე საუბარი ახლა არასერიოზულია.

"მე მგონია, რომ ამ ადამიანებთან ლაპარაკი შეიძლება, ვერ ვხედავ აქ პრობლემას. ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ ერთმანეთთან. გათითოკაცებული, ერთმანეთთან დაპირისპირებული ოპოზიცია არის რუსი ოლიგარქისთვის წამალი". – თქვა ხაბეიშვილმა.

სტრატეგია აღმაშენებელი, გირჩი – მეტი თავისუფლება და დროა "ევროკავშირის სტატუსის მისაღებად და დეოლიგარქიზაციის მიზნით" კოორდინაციასა და ერთობლივ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

კომენტარები