ჯანდაცვა

მთავრობა წამლების ფასზე ზედა ზღვარს აწესებს – აფთიაქები უფრო ძვირად ვერ გაყიდიან

NHS

მთავრობის გადაწყვეტილებით, 2023 წლიდან, წამლებზე რეფერენტული ფასები დაწესდება - სახელმწიფო ღირებულების იმ მაქსიმალურ ზღვარს ადგენს, რომელზე ძვირადაც დაუშვებელი იქნება მედიკამენტის გაყიდვა.

"ეს მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა. რეფორმის მიზანი ხარისხიანი მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდა, სამართლიანი ფასებისა და კონკურენტული და გამჭვირვალე ფარმაცევტული ბაზრის უზრუნველყოფაა. წინასწარი გათვლებით, რეფერენტული ფასების დაწესება, საშუალოდ, 40%-ით გააიაფებს წამლების ღირებულებას" - აცხადებს საქართველოს მთავრობა.

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი გადაწყვეტილებას "ისტორიულს" უწოდებს და ამბობს, რომ პირველ ეტაპზე, იანვრიდან რეფერენტული ფასები ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე - დაახლოებით 1 100 დასახელების მედიკამენტზე დაწესდება. მისი თქმით, მეორე კვარტლიდან, ზღვრული ფასები სხვა დარჩენილ რეცეპტულ მედიკამენტებს შეეხება, 2023 წლის ბოლომდე კი, ზედა ზღვარი ყველა წამლის ღირებულებაზე დაწესდება.

შესაბამისი ცვლილება წამლის შესახებ კანონში შევა. აფთიაქი ან დისტრიბუტორი, რომელიც მედიკამენტს უფრო ძვირად გაყიდის, ვიდრე მთავრობა განსაზღვრავს, პირველ დარღვევაზე გაფრთხილებას მიიღებს, შემდეგ კი, 5 000-დან 45 000-მდე ლარით დაჯარიმდება. 

"დისტანციურად ვალდებულება ექნებათ ინფორმაციის ონლაინ-რეჟიმში მოწოდების, ჩვენ მათ ბაზებსაც დავინახავთ, რა ფასად ყიდიან და ეს გაცილებით გაგვიმარტივებს აღსრულების ნაწილს" - ამბობს ჯანდაცვის მინისტრი.

კომენტარები