რუსული ოკუპაცია

რუსებმა ოკუპირებული გალის ტერიტორიიდან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსებმა ოკუპირებული გალის ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე.

უწყების ცნობით, მოქალაქე ოკუპირებული გალის ტერიტორიიდან ზუგდიდში ბრუნდებოდა, რა დროსაც დააკავეს. ცხელი ხაზით გაზიარებული ინფორმაციით, უკანონოდ დაკავებულს თან ჰქონდა ნარკოტიკული ნივთიერების შეკვრა.

"უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი. საოკუპაციო ძალის მიერ განხორციელებული მორიგი მძიმე ინციდენტის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით.

საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას".- აღნიშნულია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები