ევროკავშირი-საქართველო

ევროპარლამენტარები ასოცირების შეთანხმების ცვლილებით ივანიშვილის სანქცირებას ითხოვენ

Shame Movement / Facebook

დღეს, 8 ნოემბერს ევროპარლამენტარები საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშში ცვლილებებს განიხილავენ.

დეპუტატებმა 220-მდე ცვლილების ინიციატივა წარადგინეს - მასში მოხვდა ივანიშვილის სანქცირება, მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტთა უსაფრთოების საკითხი.

შესწორების დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ "შემაშფოთებელია ცნობები, რომ რუსი ხალხი და სუბიექტები, სავარაუდოდ, საქართველოს დასავლეთის სანქციების გვერდის ავლისთვის იყენებენ";

დოკუმენტი, ასევე, ეხება ბიძინა ივანიშვილის რუსეთთან კავშირებს და მოითხოვს, რომ ბრალდებების დადასტურების შემთხვევაში, ივანიშვილსა და მის თანამოაზრეებს პირადი სანქციები დაუწესდეთ. 

"იმეორებს მის მოწოდებას საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორების მიმართ, დაუწესონ პირადი სანქციები ივანიშვილს საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესების გამო". - ვკითხულობთ 72-ე შესწორებაში. 

ანა ფოტიგა შენიშნავს, რომ ივანიშვილს პირადი პასუხისმგებლობა ეკისრება, საქართველოში მედია თავისუფლებისა და დემოკრატიის უკუსვლაზე.

"ღრმად შეშფოთებულია ივანიშვილის პირადი და საქმიანი კავშირებით კრემლთან, რაც განსაზღვრავს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პოზიციას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიმართ; ამიტომ იმეორებს თავის მოწოდებას საბჭოსა და ტრანსატლანტიკურ პარტნიორების მიმართ, განიხილონ პერსონალური სანქციების დაწესება ივანიშვილზე, როგორც პირზე, რომელიც უშუალოდ არის პასუხისმგებელი დემოკრატიის, მედიის თავისუფლების უკუსვლაზე და რუსეთთან ორაზროვანი ურთიერთობების წარმოებაზე". - ვკითხულობთ დოკუმენტში. 

შესწორებები, ამასთანავე, ეხება 5 ივლისს ჟურნალისტებზე თავდასხმებს და აღნიშნულია, რომ "მკაცრად გმობს ძალადობის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი პირების ზედმიწევნით გამოძიების ან მათი დაკავების სიმცირეს".

დოკუმენტში, ასევე, აღნიშნულია, რომ მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავება კიდევ უფრო ართულებს მედია თავისუფლების მხრივ საქართველოს მდგომარეობას და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს მედია პლურალიზმი და ჟურნალისტთა უსაფრთხოება.

"სინანულს გამოთქვამს კრიტიკული მედიის მთავარი არხის დირექტორის ნიკა გვარამიას, სხვა კრიტიკული მედია საშუალებების დამფუძნებლებისა და დირექტორების, კერძოდ, დავით კეზერაშვილისა და ტელეკომპანია პირველის დამფუძნებლებისა და დირექტორების დევნასთან დაკავშირებით, ასევე კრიტიკულ მედიაზე სასამართლოში ჩივილის პრაქტიკაზე - ცილისწამება, როგორც პოლიტიკური ზეწოლა დამოუკიდებელ მედიაზე". - წერს დოკუმენტში ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიენე.

საბოლოოდ, დოკუმენტს კენჭისყრაზე 21 ნოემბერს გაიტანენ. 

კომენტარები