რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინაში მოკლეს რუსი "მედესანტე" დეკანოზი, სტრატეგიული სარაკეტო ჯარების წინამძღვარი

დეკანოზი მიხაილ ვასილიევი
РИА Новости

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დროს სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების მთავარი შტაბის საპატრიარქო კარის წინამძღვარი, მოსკოვის საპატრიარქოს სინოდის განყოფილების თავმჯდომარის მრჩეველი შეიარაღებულ ძალებთან და სამართალდამცავ სტრუქტურებთან თანამშრომლობის საკითხებში, დეკანოზი მიხაილ ვასილიევი დაიღუპა.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის განცხადებით, ვასილიევი 6 ნოემბრის დილით, "მოძღვრის მოვალეობის შესრულების დროს" დაიღუპა. როგორც რუსულ მედიაში წერენ, ვასილიევი ხერსონის ოლქში, უკრაინის შეიარაღებული ძალების სარაკეტო იერიშს ემსხვერპლა.

დეკანოზ ვასილიევს სასულიერო განათლება მიღებული არ ჰქონია. მან ჯერ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შემდეგ კი რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენშტაბის აკადემია დაასრულა. 1998 წლის 7 მარტს ის დიაკვნად აკურთხეს, ამავე წლის 27 აპრილს კი მღვდლად.

დიდმოწამე ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ვასილიევი, რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედიისა და საპატრიარქოს ცნობით, სხვადასხვა ცხელ წერტილებსა და "სამშვიდობო მისიებში" იმყოფებოდა, როგორც მღვდელი. კონფლიქტის ზონებს შორის არის: კოსოვო, ბოსნია, აფხაზეთი, ყირგიზეთი, ჩრდილოეთ კავკასია და სირია. 

რუსეთის პატრიარქი კირილი მოსახსენიებელ წერილში ამბობს, რომ ვასილიევს ბევრი მედესანტე მამას ეძახდა. 2022 წლის თებერვალში ვასილიევმა ჟურნალ Фома-სთან საუბარში თქვა, რომ სამხედროებთან ერთად პარაშუტით 11-ჯერ გადმოხტა. მისივე თქმით, ბოლო გადმოხტომის დროს ხერხემალი დაიზიანა. ასევე, დეკანოზი ამბობდა, რომ ის ერთხელ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის იერიშშიც მოჰყვა. მრავალი კონფლიქტის ზონაში ყოფნის მიუხედავად, ვასილიევი საკუთარ თავს პაციფისტს უწოდებდა.

დეკანოზმა ვასილიევმა რუსეთში ე.წ. ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების დროს ტელეკომპანია Спас-ის ეთერში თქვა სიტყვები, რომლებიც როგორც საზოგადოებაში, ისე რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში უკმაყოფილების გამომწვევი გახდა. მან მიმართა იმ დედებს, რომლებსაც უკრაინაში მიმდინარე ომში საკუთარი შვილების გაშვება არ სურდათ და თქვა, რომ თუ მათ მეტი შვილი ეყოლებოდათ, მათთან "განშორება ასეთი მტკივნეული და საშიში არ იქნებოდა".

რუსეთის სტრარეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარები პირდაპირ ექვემდებარება რუსეთის ფედერაციის გენერალურ შტაბს და სტრატეგიული ბირთვული ძალების მთავარ კომპონენტს შეადგენს. მათ კონტროლქვეშაა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტები.

კომენტარები