აშშ-ირანი

ბაიდენი: ჩვენ გავათავისუფლებთ ირანს

REUTERS/Evelyn Hockstein

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კალიფორნიაში შუალედური არჩევნების კამპანიის დროს სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ირანი მალე გათავისუფლდება. 

"არ ინერვიულოთ, ჩვენ გავათავისუფლებთ ირანს. ისინი საკუთარ თავს ძალიან მალე გაათავისუფლებენ". – თქვა ბაიდენმა.

26 ოქტომბერს, აშშ-მა ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებს ახალი სანქციები დაუწესა. მათ შორის, თეირანში მდებარე ევინის ციხის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირებს და სხვა ოფიციალურ პირებს, ინტერნეტში დაწესებული ცენზურისა და  მორალის პოლიციის მიერ დაკავებული მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაწყებული საპროტესტო აქციების დარბევის გამო.

აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, სანქციები შეეხო ისლამური რევოლუციის მცველთა კორპურსის მაღალჩინოსნებს, ასევე ირანის სასჯელაღსრულების წარმომადგენლებსა და ინტერნეტში ცენზურის დაწესებასთან კავშირში მყოფ პირებსა და ორგანიზაციებს.

სანქცირებულთა შორის მოხბდა ევინის ციხის ხელმძღვანელიც, სადაც აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის შეფასებით, ძირითადად პოლიტპატიმრები იმყოფებიან.

მათ გარდა, სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ ირანის დაზვერვისა და უსაფრთხოების სამინისტროს ორი მაღალჩინოსანი. ასევე, რავინის აკადემია, სადაც აშშ-ს ცნობით კიბერუსაფრთხოების სფეროში კადრების მომზადება და სამინისტროსთვის თანამშრომლების შერჩევა და გადაბირება ხდება. ასევე, ირანული კომპანია Samane Gostar Sahab Pardaz Private Ltd Co, რომელიც მთავრობის მიერ ინტერნეტში ცენზურის დაწესებასთან პირდაპირ კავშირშია.

"ჩვენ გავაგრძელებთ გზების ძიებას, რათა მხარი დავუჭიროთ ირანელ ხალხს იმ დროს, როდესაც ისინი მშვიდობიანად მართავენ საპროტესტო გამოსვლებს თავიანთი უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლების დასაცავად. ჩვენ გავაგრძელებთ სანქციების დაწესებას ირანში იმ პირებსა და კომპანიებზე, რომლებიც ჩართული არიან ირანელი ხალხის წინააღმდეგ სასტიკ რესპრესიებში". წერია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაში.


ექსპერტთა შეფასებით, საპროტესტო აქციები ირანის მთავრობისთვის 1979 წლის რევოლუციის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა.

13 სექტემბერს მაჰსა ამინი ოჯახთან ერთად გადაადგილებისას მორალის პოლიციის იმ სპეციალურმა განყოფილებამ გააჩერა, რომელსაც ქალების ჩაცმულობის მკაცრი კონტროლი ევალება.

IranWire-ის ცნობით, უფლებადამცველები, რომლებიც ოჯახს ესაუბრნენ, ამბობენ, რომ პოლიციამ ამინი პოლიციის მანქანაში ძალით ჩასვა. თვითმხილველების თქმით, ის ფურგონშიც სცემეს. 22 წლის ირანელი ქურთი, ამინი მორალის პოლიციის განყოფილებაში "არასათანადო ჩაცმულობისთვის" დაკავების შემდეგ მალევე გარდაიცვალა.

პროტესტი 17 სექტემბერს ქურთების ქალაქ საკეზში ქალის დაკრძალვაზე დაიწყო.

უფლებადამცველები ამბობენ, რომ დარბევების შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის რამდენიმე თინეიჯერი.

აშშ-მ ირანის მორალის პოლიციასა და უსაფრთხოების მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა. იგივე მალევე დიდმა ბრიტანეთმაც გაიმეორა.

 

 

კომენტარები