რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გრიფიტსი: რუსეთის განცხადებები "მარცვლეულის შეთანხმებაში" მონაწილეობის შეჩერებას არ ნიშნავს

ჰუმანიტარულ საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე, მარტინ გრიფიტსი

ჰუმანიტარულ საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილის, მარტინ გრიფიტსის თქმით, რუსეთის განცხადებები "მარცვლეულის შეთანხმებაში" მონაწილეობის შეჩერების შესახებ არ ნიშნავს, რომ შეთანხმება შეწყდა.

"მტკიცედ გვჯერა, რომ შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა ძალაში რჩება, მიუხედავად რუსეთის მიერ მონაწილეობის შეჩერებისა. რუსეთს "მარცვლეულის შეთანხმება" არ შეუწყვეტია და შეთანხმებიდან არ გამოსულა. მათ განაცხადეს, რომ მონაწილეობა განუსაზღვრელი ვადით შეაჩერეს. შესაბამისად, ჩვენ ვაგრძელებთ ინიციატივის ფარგლებში თურქეთთან ერთად გემების გაგზავნას იქ, სადაც ეს შესაძლებელია და უკრაინასთან ერთად ვმუშაობთ ამ გემების შესამოწმებლად". - თქვა გრიფიტსმა.

ამასთან, მარტინ გრიფიტსის თქმით, გაერო, როგორც შუამავალი, აგრძელებს რუსულ მხარესთან ურთიერთობას მის მიერ წამოჭრილი საკითხების გადასაჭრელად.

"რაც უფრო მალე შევძლებთ რუსეთის ჩართულობის სრულად აღდგენას, მით უკეთესი". - აღნიშნა გრიფიტსმა.

კომენტარები