ილონ მასკი

ილონ მასკმა TWITTER-ის საბჭო დაითხოვა და თავი კომპანიის ერთადერთ დირექტორად გამოაცხადა

ტესლას აღმასრულებელმა დირექტორმა, უკვე Twitter-ის მფლობელმა და მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა Twitter-ის საბჭო დაითხოვა და თავი კომპანიის ერთადერთ დირექტორად გამოაცხადა

ახალი ბრძანების მიხედვით, საბჭოს ყველა წევრს უფლებამოსილება შეუწყდა. 

საბჭოს წევრები იყვნენ მისი თავმჯდომარე, ბრეტ ტეილორი, ისევე, როგორც ახლახანს გადაყენებული აღმასრულებელი დირექტორი, პარაგ აგრავალი. 

28 ოქტომბერს ილონ მასკმა სოციალური ქსელ Twitter-ის $44 მილიარდიანი შეთანხმება დაასრულა და კომპანიის მფლობელი გახდა.

შეთანხმების გაფორმებით, მასკმა და Twitter-მა თავი აარიდეს სასამართლო პროცესს, რომელიც თავდაპირველად ამ თვის დასაწყისში უნდა ჩატარებულიყო. როგორც CNN-ი წერს, მასკის მიერ დირექტორების გათავისუფლება სოციალური პლატფორმის მომავალზე ახალ კითხვებს აჩენს. მათივე ინფორმაციით, დანარჩენი ორი დირექტორი, რომლებიც მასკმა გაათავისუფლა,  მთავარი ფინანსური დირექტორი, მედ სიგალი და Twitter-ის სტრატეგიის ხელმძღვანელი, ვიჯაია გადე არიან.

მასკი გეგმავს, რომ Twitter-ზე სიტყვის თავისუფლებას უფრო მეტად შეუწყოს ხელი. ის არ ეთანხმებოდა სოციალური ქსელში მომხმარებლების სამუდამოდ დაბლოკვის აქამდე არსებულ პრაქტიკას. შესაძლოა, Twitter-ზე დაბრუნდნენ ისეთი მომხმარებლები, როგორიცაა აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი.

ამ კვირაში მასკი სან-ფრანცისკოში Twitter-ის სათაო ოფისს ეწვია და თანამშრომლებს შეხვდა. მან ასევე გამოაქვეყნა სოციალური ქსელის სპონსორებისთვის მიწერილი ღია წერილი, რომელშიც ის ხაზს უსვამდა, რომ არ სურს პლატფორმა იქცეს ისეთ სივრცედ, სადაც ყველაფრის თქმა შედეგების გარეშე იქნება შესაძლებელი.

როგორც 14 აპრილს გახდა ცნობილი, მასკი Twitter-ის სრულად ყიდვას აპირებდა. აქამდე, 5 აპრილს მან სოციალური ქსელის $3 მილიარდის ღირებულების აქციები შეიძინა, რაც სრული წილის 9.2% იყო. შედეგად მასკი Twitter-ის ყველაზე მსხვილი აქციონერი გახდა.

ივლისში მასკმა კომპანიის შეძენა გადაიფიქრა და შეთანხმების წარმოებიდან გამოსვლას ცდილობდა. ტესლას აღმასრულებელი დირექტორი ამბობდა, რომ გარიგებაზე უარის თქმის უფლება ჰქონდა, რადგან Twitter-ის წარმომადგენლებმა მას კომპანიის შიდა ბაზებზე წვდომა ნაწილობრივ გაუხსნეს და დაჟინებული თხოვნის მიუხედავად, გარკვეული მონაცემები სრულად არ მიაწოდეს. ის შესყიდვაზე უარის თქმას პლატფორმაზე არსებული მრავალი ბოტით ამართლებდა, ამ ყველაფერს კი შემდეგ Twitter-იდან ინფორმაციის გამომტანი თანამშრომლის ბრალდებებიც დაემატა.

ივლისში Twitter-მა მასკს უჩივლა. კომპანიას სურდა, რომ Tesla-სა და Space X-ის ხელმძღვანელს Twitter-ი სასამართლოს ძალით შეეძენინებინა.

კომენტარები