დაძაბულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

"სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი ოდესმე უნდა დასრულდეს" – პუტინი ფაშინიანს სოჭში შეხვდა

ვლადიმირ პუტინი და ნიკოლ ფაშინიანი
РИА Новости

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი რუსეთში, სოჭში სომხეთის პრემიერმინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.

"ვხედავთ ჩვენი კოლეგების მიდგომებს იმასთან დაკავშირებით, რაც სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარსა და ყარაბაღის გარშემო ხდება. ეს კონფლიქტი უკვე ათწლეულები გრძელდება, ამიტომ ოდესმე უნდა დასრულდეს, ეთანხმებით ამას? ვიცი, რომ ამის პოლიტიკური ნება გაგაჩნიათ. ამას ყველანაირად ვუჭერთ მხარს". – თქვა პუტინმა ფაშინიანთან შეხვედრის დროს. 

დღეს სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერებს შორის სოჭში სამმხრივი შეხვედრა გაიმართება. სასაუბრო თემა რეგიონული უსაფრთხოება და ორ ქვეყანას შორის არსებული კონფლიქტის მოგვარება იქნება.

პუტინთან გამართულ შეხვედრაზე ფაშინიანმა აღნიშნა, რომ მხარს უჭერს რეგიონალური კომუნიკაციების გახსნას. ხაზი გაუსვა სომხეთისთვის მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ზონიდან აზერბაიჯანელი სამხედროების გაყვანის აუცილებლობას. 

აქამდე, გასულ დღეებში ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთი მზადაა აზერბაიჯანთან ურთიერთობის აღსადგენად რუსეთის წინადადება მიიღოს.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებებს რუსეთის გარდა, ალტერნატიულ ფორმატში, ევროკავშირიც შუამავლობდა. ოქტომბრის პირველ ნახევარში პრაღაში გაიმართა ოთხმრივი შეხვედრა სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთისა და საფრანგეთის წარმომადგენლების მონაწილეობით. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ბაქოსა და ერევანს შორის სამშვიდობო შეთანხმება, შესაძლოა, 2023 წლამდე გაფორმებულიყო.

კომენტარები