ინფლაცია

ევროსტატის წინასწარი შეფასებით, ევროზონაში ინფლაცია რეკორდულ 10.7%-მდე გაიზარდა

ევროსტატის წინასწარი მონაცემებით, ევროზონაში ინფლაციამ მიმდინარე წლის ოქტომბერში ახალ რეკორდულ ნიშნულს, 10.7%-ს მიაღწია. ინფლაციის ძირითად მიზეზად ენერგორესურსების ფასების ზრდა სახელდება, რომელიც ევროსტატის თანახმად, 41.9%-ით მაღალია, ვიდრე ეს გასული წლის ოქტომბერში იყო. ამავე შეფასებით, ფასები საკვებზე, ალკოჰოლსა და თამბაქოზე 13.1%-ით გაიზარდა. 

ევროსტატი საბოლოო, დაზუსტებულ მონაცემებს 17 ნოემბერს გამოაქვეყნებს. თუ 10.7%-იანი მონაცემი იგივე დარჩება, ეს იქნება ევროზონის არსებობის ისტორიაში პირველი ინფლაცია, რომელიც 10%-იან ზღვარს გადალახავს. 

ინფლაციის ახალი რეკორდული მაჩვენებლით ყველაზე მეტად ბალტიის ქვეყნები დაზარალდნენ - სამივე ქვეყანაში წლიური ინფლაცია 20%-ზე მეტია.  

ევროპის ცენტრალურა ბანკმა, რომლის პირველადი მოვალეობა ინფლაციის კონტროლია, დაადასტურა, რომ მომდევნო თვეებში მოსალოდნელია რეფინანსირების განაკვეთის განმეორებითი ზრდა ფასების შემცირების მიზნით. მიმდინარე წლის ოქტომბერში ევროპის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 75 საბაზო პუნქტით, ანუ 1.5%-იან მაჩვენებლამდე უკვე გაზარდა. 

მონეტარული პოლიტიკა ცენტრალური ბანკის ბერკეტია, რომლის კონტროლითაც შესაძლებელია ხარჯვის სტიმულირება ან შემცირება. რეფინანსირების განაკვეთს პირდაპირი ეფექტი აქვს კომერციული ბანკების მიერ დაწესებულ საპროცენტო განაკვეთზე. საპროცენტო განაკვეთის ზრდა მომხმარებელს უზრდის სესხის აღების ხარჯს, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს საქონელსა და სერვისებზე მოთხოვნის შემცირებას. საპროცენტო განაკვეთის ზრდის საბოლოო ეფექტი ფასების შემცირებაა. 

კომენტარები