სიღნაღი

"არ მახსოვს, რა მოხდა" – დის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ინტერპრესნიუსი

სოფელ ტიბაანში დის მკვლელობაში ბრალდებულ კაცს, 35 წლის ზურაბ ალადაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

ალადაშვილმა სასამართლოზე თქვა, რომ არ ახსოვს, თუ რა მოხდა მკვლელობის დღეს.  

"უბრალოდ, არ მახსოვს, რა მოხდა და როგორ მოხდა. რაც არ უნდა მომხდარიყო, ჩემი და ცოცხალი აღარ არის, ეგ ვიცი". - მიმართა ბრალდებულმა მოსამართლეს.  

შემთხვევა სიღნაღში 26 ოქტომბერს მოხდა - პროკურატურის ინფორმაციით, სოფელ ტიბაანში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ბრალდებული ძმას ფიზიკურად დაუპირისპირდა. ძმებს შორის კონფლიქტში მათი დაც ჩაერთო, ამით განაწყენებულმა ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მასაც მიაყენა, რა დროსაც ქალი ასფალტის საფარზე დაეცა, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო და შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ალადაშვილი 27 ოქტომბერს დააკავეს, მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 10-დან 14-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები