საქართველოს საპატრიარქო

დეკანოზი ანდრია: საპატრიარქოს კუთვნილ სივრცეებში ჟურნალისტებისთვის რეგულაციები დაწესდება

საქართველოს საპატრიარქოს კუთვნილ სივრცეებში ჟურნალისტებისთვის რეგულაციები დაწესდება, დიდ დღესასწაულებზე კი აკრედიტაციის გავლა იქნება საჭირო - ბრიფინგი ამის შესახებ საპატრიარქოს პრესმდივანმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გამართა. 

დეკანოზი ანდრია განმარტავს, რომ არსებობს შემთხვევები, როდესაც ჟურნალისტები დიდ დღესასწაულებზე, მაგალითად, სვეტიცხოვლობას, მედიისთვის გამოყოფილი ადგილის დაკავებაზე უარს ამბობენ, ასევე, მისივე სიტყვებით, წირვის დაწყებამდე "დაჟინებით ითხოვენ" ინტერვიუს სასულიერო პირებისგან, რაც, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძის ცნობით, გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა. 

"უკანასკნელ წლებში საქართველოში არცერთ რელიგიურ ორგანიზაციას არ შექმნია იმდენი წინააღმდეგობა კონკრეტული მედიასაშუალებებისა და ქართველი ჟურნალისტების მხრიდან, როგორც ქართულ მართლმადიდებლურ სამოციქულო ეკლესიას. საპატრიარქოს არცერთ შემთხვევაში არ მიუმართავს იმ კანონიერი საშუალებისათვის, რომლითაც, ზოგადად, შეუძლია ისარგებლოს პირმა ან ორგანიზაციამ ცილისწამების ან რეპუტაციული ზიანის მიყენების შემთხვევაში. 

14 ოქტომბერს ხმაური იყო სვეტიცხოვლის ეზოში. სრულიად საკმარისი არის, გავიხსენოთ მარტვილის რეზიდენციაში შეჭრა, მერე მცდელობა, რომ დაებრალებინათ, თითქოს მღვდლებმა გადმოყარეს ჟურნალისტები. ასევე, მარტვილის ტაძარში ჩაშლილი მსახურება, კიკეთში მოვარდნა მსახურების წინ, მონაზვნებთან სახლში შევარდნა, შტურმი კარებთან. მივედით იქამდე, რომ სვეტიცოხოვლობა დღეს, სვეტიცხოვლის ტაძრის ეზოში, როცა წირვა აღასრულა კათოლიკოს პატრიარქმა მისი აღსაყდრებისა და დაბადების დღის მოახლოებული საიუბილეო თარიღების წინ, ერთ-ერთი ტელევიზიის ჟურნალისტი სასულიერო პირებს ბანდიტებს უწოდებს. ცალკე სათქმელია, რომ ტელევიზიების ნაწილს სვეტიცხოვლობა, როგორც საზეიმო მოვლენა, არც კი გაუშუქებიათ, მთლიანი ორიენტირი მიმართული იყო ეკლესიისა და დღესასწაულის დაკნინების კუთხით, რომლის ფარგლებშიც აქტიურად წამოიწია სვეტიცხოვლობის წინა დღეს მოგონილი პატრიარქის გადადგომის მოგონილი სკანდალის საკითხი". - ამბობს ის. 

მისივე სიტყვებით, მსახურების წინ ინტერვიუს ჩაწერაზე სასულიერო პირის ნათქვამი უარი "ჟურნალისტის გაღიზიანების საფუძველი ხდება", სასულიერო პირისთვის კი, მისივე თქმით, არსებითი მნიშვნელობისაა, ტაძარში, წირვაზე მივიდეს "აუღელვებლად, საზეიმო მსახურებისათვის შეუფერებელი, დაძალებული, ჩქარი ნაბიჯით შესრულებული პრესკონფერენციის რიტუალის გარეშე".

"მიღებულია გადაწყვეტილება, ვისარგებლოთ კანონიერი უფლებით მსგავსად სხვა უწყებებისა თუ ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის დავაწესოთ ვითარების შესაბამისი რეგულაციები საპატრიარქოს კუთვნილ სივრცეებში, რაც ზოგ შემთხვევაში, განსაკუთრებით, დიდ დღესასწაულებზე, აკრედიტაციის წესის გამოყენებასაც გულისხმობს. როგორც მოგეხსენებათ, საკუთრების უფლება ანიჭებს საპატრიარქოს შესაძლებლობას, თავად განსაზღვროს მის ტერიტორიაზე ქცევის წესი, მით უმეტს, თუ აღნიშნული წესი ეხება საკითხის მოწესრიგებას. 

საპატრიარქო საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში მოქმედებს, რის საფუძველზეც წინასწარ აცნობს საზოგადოებას, მედიას ინფორმაციას ცალკეული რეგულაციების თაობაზე. თითოეული რეგულაცია მიმართული იქნება საღვრთო მსახურების სათანადო წესით ჩატარების უზრუნველსაყოფად. გარდა იმისა, რომ ტაძრის შინაგანაწესის დაცვით აუცილებელია ჟურნალისტმა დაიკავოს მედიისთვის გამოყოფილი ადგილი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რიგ შემთხვევებში საპატრიარქო დაიტოვებს უფლებას გააკონტროლოს დასწრების საკითხი". - თქვა დეკანოზმა ანდრიამ. 

კომენტარები