რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონში, ანტონოვკის ხიდზე იერიში დაადასტურა

ანტონოვკის ხიდი

უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ხერსონის ოლქში მდებარე ანტონოვკის ხიდზე იერიში დაადასტურეს. ამის შესახებ სამხრეთის ოპერატიული სარდლობის პრესცენტრის მდივანმა, ნატალია გუმენიუკმა ისაუბრა. 

აქამდე რუსეთმა ურკაინის არმია დაადანაშაულა ანტონოვკის ხიდზე იერიშში, რასაც, მათი მტკიცებით, ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. ხერსონის ოლქის მარიონეტული ადმინისტრაციის მტკიცებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხიდს HIMARS-ების სისტემიდან ესროლეს 12 რაკეტა, რომელთაგანაც 11 საჰაერო თავდაცვის სისტემებმა უვნებელყო, ერთი კი ხიდზე ჩამოვარდა. აფეთქება 20 ოქტომბრის ღამით მოხდა.

უკრაინა უარყოფს, რომ მათი იერიშის დროს ხიდზე სამოქალაქო პირები იმყოფებოდნენ, რადგან, მათი თქმით, იერიში მოხდა კომენდანტის საათის დროს, როდესაც აქ ყოფნა მხოლოდ სამხედრო პირებს შეეძლოთ. გუმენიუკის თქმით, შესაძლოა, სამხედრო პირები სამოქალაქო ტანსაცმელში იყვნენ გადაცმული.

იერიშამდე, 19 ოქტომბერს ანტონოვკის ხიდი და მდინარე დნეპრზე მწოყობილი გადასასვლელი მოინახულეს ანექსირებული ყირიმის მეთაურმა, სერგეი აქსიონოვმა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, სერგეი კირიენკომ.

ანტონოვკის ხიდზე იერიშები უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გასულ თვეებშიც მიიტანეს.

მდინარე დნეპრზე რუს ოკუპანტებს მოწყობილი აქვთ სპეციალური გადასასვლელი, რომელსაც, თითქოსდა, სამოქალაქო მიზნებისთვის იყენებენ. უკრაინის მტკიცებით, რეალურად, ისინი ამ ობიექტს სამხედრო დანიშნულებით ხმარობენ.

კომენტარები