მცხეთა

POG: მცხეთის მერის წარმომადგენელმა მამას ყალბი დოკუმენტით მიწა თაღლითურად გადასცა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სამსახურებრივი სიყალბის, თაღლითობის, თაღლითობაში დახმარების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე 2 პირს ბრალდება წარედგინა.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მცხეთის მერის წარმომადგენელმა, რომელიც საგურამოს ადმინისტრაციულ ერთეულში 2019-2021 წლებში მუშაობდა, 2020 წელს შეადგინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, თითქოსდა მამამისზე გაცემული იყო საგურამოში მდებარე 3 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ყალბი დოკუმენტის საფუძველზე, მცხეთის მერის წარმომადგენლის მამა 500 000 ლარად ღირებულ უძრავ ქონებას თაღლითურად დაეუფლა.

პროკურატურის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ორივე ბრალდებულმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა ჩადენილი დანაშაული. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით, მათ სახელმწიფოს სასარგებლოდ თაღლითურად დაუფლებული მიწის ნაკვეთები ჩამოერთმევათ.

მცხეთის მერის ყოფილ წარმომადგენელს ბრალდება სსკ-ის 341-ე მუხლით (სამსახურებრივი სიყალბე, ესე იგი მოხელესთან გათანაბრებული პირის მიერ ყალბი დოკუმენტის შედგენა და გაცემა, ჩადენილი პირადი მოტივით) და სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (თაღლითობაში დახმარება, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებაში დახმარება, ჩადენილი დიდი ოდენობით), ხოლო მის მამას სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლება, ჩადენილი დიდი ოდენობით) და სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინათ.

"დღემდე, შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის რეგიონში, სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე მსჯავრდებულია 83 პირი, მათ შორის, 6 საჯარო მოხელე და სახელმწიფოს 5 033 000 ლარის ღირებულების უძრავი ქონება დაუბრუნდა". - წერია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები