ირანი

EU-ს მიერ ირანელ პირებზე სანქციების დაწესება არაკონსტრუქციული ქმედებაა – ირანის საგარეო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანი
REUTERS/Cagla Gurdogan

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანი ევროკავშირის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებულ ახალ სანქციებს გამოეხმაურა და ალიანსის გადაწყვეტილება არაკონსტრუქციულ ქმედებად შეაფასა

"ევროკავშირმა დღეს ირანელ პირებზე დამატებითი და ზედმეტი სანქციები დააწესა. ეს არის არაკონსტრუქციული ქმედება, არასწორი გათვლებით, რომელიც ფართო დეზინფორმაციაზეა დაფუძნებული. ბუნტი და ვანდალიზმი მსოფლიოს არცერთ ნაწილშია წახალისებული - გამონაკლისი არც ირანია". - წერს ირანელი მაღალჩინოსანი Twitter-ზე. 

დღეს, 17 ოქტომბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 11 ირანელ პირსა და 4 ინსტიტუტს, მათ შორის ირანის მორალის პოლიციის უფროსს, ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობა აუკრძალეს და ქონება გაუყინეს. 

ერთ თვეზე მეტია ირანში მორალის პოლიციის მიერ დაკავებული ქალის დაღუპვის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. რა ხდებოდა პროტესტის მესამე კვირას შეგიძლიათ წაიკითხოთ - აქ, მეოთხე კვირის შეჯამების ნახვა კი აქ შეგიძლიათ.

13 სექტემბერს მაჰსა ამინი ოჯახთან ერთად გადაადგილებისას მორალის პოლიციის სპეციალურმა განყოფილებამ გააჩერა, რომელსაც ქალების ჩაცმულობის მკაცრი კონტროლი ევალება. IranWire-ის ცნობით, უფლებადამცველები, რომლებიც ოჯახს ესაუბრნენ, ამბობენ, რომ პოლიციამ ამინი პოლიციის მანქანაში ძალით ჩასვა. თვითმხილველების თქმით, ის ფურგონშიც სცემეს.  

მაჰსა ამინის ოჯახი ამბობს, რომ დაპატიმრებამდე მაჰსას არანაირი ჯანმრთელობის პრობლემა არ აღენიშნებოდა. თუმცა, ოჯახს შეატყობინეს, რომ ამინი დაკავებიდან რამდენიმე საათში კლინიკაში გადაიყვანეს. მათივე თქმით, გარდაცვალებამდე ქალი კომაში იყო.

აქამდე, ირანის უსაფრთხოების ძალების მაღალჩინოსნებსა და ე.წ. მორალის პოლიციას სანქციები აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმაც დაუწესა. 

კომენტარები