რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შმიგალი: ოკუპანტების თავდასხმის ფონზე, ასობით დასახლებულ პუნქტს ენერგომომარაგება შეუწყდა

დენის შმიგალი

უკრაინის პრემიერმინისტრის, დენის შმიგალის თქმით, დღეს, 17 ოქტომბერს დილით, უკრაინის სამ რეგიონში ოკუპანტებმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ასობით დასახლებულ პუნქტს ელექტროენერგია ამ წუთებამდე არ მიეწოდებათ

"კიევში საჰაერო თავდასხმის შედეგად ენერგეტიკული ობიექტები და საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა. რუსეთი ასევე თავს დაესხა კრიტიკულ ინფრასტრუქტურას დნეპროპეტროვსკისა და სუმის რეგიონებში. თავდასხმის შედეგად ასობით დასახლებული პუნქტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა". - წერს შმიგალი Telegram-ზე.

შმიგალის თქმით, თითოეულ რეგიონს შემუშავებული აქვს ანტიკრიზისული რეაგირების გეგმა. ასევე, პრემიერმინისტრმა უკრაინელ მოსახლეობას ელექტროენერგიის ეკონომიკური მოხმარებისკენ მოუწოდა, განსაკუთრებით პიკის საათებში.

აქამდე, მსგავსი მოწოდებით უკრაინის მოსახლეობას პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც მიმართა. კერძოდ, 16 ოქტომბრის ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ქვეყნის ზოგიერთ ქალაქსა და რეგიონში რუსული სარაკეტო ტერორის გამო, ენერგეტიკოსებს უწევთ ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა, რათა მთელმა სისტემამ სტაბილურად იმუშავოს.

კომენტარები