რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ირანი რუსეთს დრონებთან ერთად, მცირე რადიუსის რაკეტებს მიაწვდის – THE WASHINGTON POST

ირანი მზად არის, რუსეთს უპილოტო საფრენ აპარატებთან ერთად, მცირე რადიუსის რაკეტები მიაწოდოს. ამის შესახებ ინფორმაციას The Washington Post-ი ავრცელებს.

The Washington Post-ის ინფორმაციით, 18 სექტემბერს თეირანმა ირანელი მაღალჩინოსნები მოსკოვში სამხედრო მხარდაჭერის საკითხზე საბოლოოდ მოსალაპარაკებლად გაგზავნა. The Washington Post-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ მოლაპარაკებებში საუბარია ორი ტიპის სახმელეთო რაკეტაზე. 

წყაროების ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ირანის შეიარაღებული ინდუსტრია რუსეთში გასაგზავნად Fateh-110-ისა და Zolfaghar-ის ტიპის რაკეტებს ამზადებს. ცნობილი ირანული ბალისტიკური რაკეტები 300 და 700 კილომეტრის დისტანციაზე მყოფ სამიზნეებზეა გათვლილი.

The Washington Post-ის წყაროების ცნობით, ირანი რუსეთში უპილოტო საფრენი აპარატების ახალ მარაგსაც გაგზავნის. მათ შორის, დამატებით 10-მდე Mohajer-6-სა და კიდევ უფრო მეტ Shahed-136-ს. გარდა ამისა, წყაროების თქმით, ირანელი ინსტრუქტორები რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებს ეწვივნენ, რათა რუს ჯარისკაცებს ირანული დრონებისა და რაკეტების გამოყენება ასწავლონ.

კომენტარები