რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ომი, სანქციები და საინფორმაციო პროპაგანდა: რუსეთის ეკონომიკა 7 თვის შემდეგ

რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ომი, სანქციები და საინფორმაციო პროპაგანდა: რუსეთის ეკონომიკა 7 თვის შემდეგ

24 თებერვალს უკრაინაში შეჭრის შემდეგ, დასავლეთმა პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ სამი განსხვავებული ტიპის სანქცია დააწესა: ოლიგარქების აქტივების გაყინვა და მოგზაურობის აკრძალვა, ფინანსური სანქციები და ყოვლისმომცველი ემბარგო ტექნოლოგიურ ექსპორტზე. იმის მიუხედავად, რომ დასავლეთის მიერ მიღებულმა ზომებმა უკრაინაში ომი ვერ შეაჩერა, გამოიწვია გლობალური ეკონომიკის დესტაბილიზაცია და მოკლევადიან პერსპექტივაში, უფრო მეტად დააზარალა ევროკავშირი, ვიდრე რუსეთი, კრიტიკოსების შეფასებით, გრძელვადიან გეგმაში, სანქციები რუსეთის ეკონომიკასა და სამხედრო შესაძლებლობებზე დრამატულ გავლენას იქონიებს. 

ომის დაწყებიდან მე-8 თვეს, როდესაც ევროკავშირს გაზსა და ელექტროენერგიაზე რეკორდულად გაზრდილ ფასთან გამკლავება უწევს, კრემლი სანქციების შემსუბუქებისკენ დასავლეთს სულ უფრო და უფრო ხშირად მოუწოდებს. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთი ენერგორესურსების მხრივ მართლაც გაუთვალისწინებელი შედეგების წინაშე დგას, რუსი მაღალჩინოსნების გახშირებული კომენტარები მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი უფრო რთული სცენარისთვის ემზადება - მოსკოვს ეკონომიკის სტაბილიზაციისთვის საჭირო ბერკეტები ამოეწურა. 

რუსული პროპაგანდის მიუხედავად, ეკონომიკური მყარი ფაქტები და ციფრები იძლევა სურათს, რომლის უარყოფაც კრემლისთვისაც შეუძლებელია. რუსულ მედიებში საუბარია იმაზე, რომ ქვეყნის ეკონომიკა 1990-იანი წლების შემდეგ ყველაზე რთული გამოწვევების წინაშე დგას, რაც აჩენს კითხვას - საერთოდ ღირს თუ არა უკრაინაში ომი, თუკი ეს რუსეთის ეკონომიკის კოლაფსს ნიშნავს.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთი მსოფლიოში ყველაზე სანქცირებული სახელმწიფო გახდა

არასწორად გაგებული პოლიტიკა 

ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობებმა სანქციების დაწესებისთანავე განაცხადეს, რომ თვალსაჩინო შედეგებისთვის, რომელიც ვლადიმირ პუტინს მოლაპარაკებებისკენ უბიძგებდა, დრო დასჭირდებოდა. სანქციების მოკლევადიანი მიზანი სხვა ქვეყნების მიმართ კრემლის აგრესიის შეკავება და დასავლეთის პოლიტიკური ერთიანობის ჩვენება იყო. თუმცა, პუტინს, არაერთი არასწორი გათვლის მიუხედავად, კვლავ სჯერა, რომ დასავლური დემოკრატიები სუსტია და ისინი რუსეთთან ომში აუცილებლად დამარცხდებიან. 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სანქციებს დრო სჭირდება. ისინი ნაკლებად ეფექტურია ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ, ვიდრე დემოკრატიების, სადაც ამომრჩევლებს პროტესტის გამოხატვის ბერკეტი აქვთ. ასევე, დემოკრატიულ ქვეყნებში მრავლად არიან ისეთი აქტორები, რომელთაც პოლიტიკის შემუშავებაზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ. ამის მიუხედავად, სანქციების საფრთხე მაინც მნიშვნელოვან როლს ასრულებს აგრესიული სახელმწიფოების შეკავებასა და ადამიანის ძირითადი უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვაში. 

სხვა ავტორიტარული ქვეყნების მსგავსად, რუსეთიც მიისწრაფვის ავტარქიის, ტექნოლოგიური დამოუკიდებლობისა და იმპორტის ჩანაცვლებისკენ, თუმცა ეს ყველაფერი ზღუდავს უცხოურ ინვესტიციებს, ტექნოლოგიების ტრანსფერებსა და იმპორტის შემოსავალს. მართალია, მსგავს პოლიტიკას მცირე მოკლევადიანი წარმატება მოაქვს, მაგრამ გრძელვადიან ეკონომიკურ განვითარებაზე დამანგრეველი ეფექტი აქვს. 

რუსეთის საინფორმაციო პროპაგანდა

ომის გარშემო უწყვეტი სიახლეებისა და პროპაგანდისტული ნარატივების ფონზე, რთული ხდება დასავლური სანქციების საერთო გავლენის შეფასება. ეს პრობლემა თანმდევია ეკონომიკური ომისთვისაც - ისევე, როგორც ეკონომიკა წარმოადგენს შემადგენელი ტენდენციების კომპოზიციას, სანქციების შედეგები პოლიტიკური და ეკონომიკური ძალების შედეგია. მაგალითად, Foreign Affair-ის ერთ-ერთი ანონიმური წყაროს მიხედვით, რუსული ტანკები სარეცხ მანქანებში დამონტაჟებულ მიკროჩიპებზე მუშაობენ. ხოლო, სხვა წყაროს მტკიცებით, ომის შემდეგ ჩინეთიდან რუსეთში მიკროჩიპების ექსპორტი 241%-ით გაიზარდა. ორივე ფაქტი მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვის სანქციების კომპლექსურ და ურთიერთგამომრიცხავ ეფექტებზე: პირველი შემთხვევა ასახავს იმ უზარმაზარ ზიანს, რომელსაც დასავლეთის სანქციები რუსეთის იმპორტზე დამოკიდებულ ინდუსტრიულ ბაზარს აყენებს, ხოლო მეორე იმ ალტერნატიულ გზას, რომელსაც მოსკოვმა სავაჭრო ტრაექტორიის ცვლილებით მიაგნო. 

ნებისმიერ შემთხვევაში, ომის ეკონომიკაში რესურსები ხშირად უფრო ცვალებადია, ვიდრე მოსალოდნელი. თანამედროვე ინდუსტრიული ეკონომიკა, როგორც წესი, ყოველთვის მზადაა გარკვეული კრიზისისთვის. სწორედ ამიტომ, ევროპა დაზარალდება, თუმცა რუსული გაზის ემბარგოს გაუმკლავდება. 

ამ მხრივ, მსოფლიო ეკონომიკაში "ნეიტრალურობა" რესურსების მომარაგებისთვის ყველაზე “გონუვრული” სვლაა. მაგალითად, ჩინეთი რუსეთს ტექნოლოგიურ დეტალებს აწვდის, მისგან შეღავათიან ფასში ნავთობს ყიდულობს, თუმცა, პარალელურად ევროპის ქვეყნებს დამატებითი გაზით უზრუნველყოფს. ჩინეთის პოზიციით ცხადი ხდება, რომ პეკინს მატერიალური ინტერესი აქვს, რათა ეკონომიკურ ომში ორივე მხარეს დაეხმაროს. 

ეკონომიკური ომი დასავლეთის წინააღმდეგ 

ენერგორესურსების განსაკუთრებული მნიშვნელობა განისაზღვრება იმითაც, რომ რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის უდიდესი წყარო ექსპორტზე გატანილი ბუნებრივი რესურსებიდან მიღებული შემოსავლებია. შესაბამისად, ომის დაწყებიდან დღემდე, ექსპერტებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ დასავლელი ლიდერების ქმედითი ნაბიჯების ეფექტიანობა სწორედ გაზსა და ნავთობზე დაწესებულ შეზღუდვებს უკავშირდება. 

რუსეთის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, იანვრიდან სექტემბრამდე რუსეთის ფედერალურმა ბიუჯეტმა 17.61 ტრილიონი რუბლი შეადგინა, საიდანაც ნავთობისა და გაზის წილი 7.8 ტრილიონია, ანუ მთლიანი შემოსავლების 44%-ზე მეტი. 2022 წლის ბიუჯეტის კანონი ნავთობისა და გაზის შემოსავლების წილს 35-დან 38%-მდე ითვალისწინებდა, თუმცა, გაზპრომბანკის პროგნოზის მიხედვით, არსებული ტენდენცია შენარჩუნდება და წლის ბოლომდე სახელმწიფო ბიუჯეტის დაახლოებით 40%-ს ენერგორესურსებიდან მიღებული შემოსავლები შეავსებს.

ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ იმპორტის შემცირების საპასუხოდ, მოსკოვმა არაერთი საპირისპირო ღონისძიება წამოიწყო, როგორიცაა აღმოსავლეთის ქვეყნებში იმპორტის გაზრდა და ნიაღისეული საწვავის ექსპორტის დივერსიფიკაცია აზიაში. რუსეთმა ასევე გააუქმა შეზღუდვები საზღვარგარეთ შეძენილი საქონლის გადაყიდვაზეც. სავარაუდოა, რომ ნაცრისფერი ბაზრის ტრანზაქციები მიმდინარე წლის ბოლომდე $16 მილიარდს მიაღწევს. 

ამასთან ერთად, დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს არ შეურთდნენ ისეთი ეკონომიკურად ძლიერი ქვეყნები, როგორიც ჩინეთი, ინდოეთი და თურქეთია. ამის ნაცვლად, მათ გაზარდეს სავაჭრო და ფინანსური თანამშრომლობა რუსეთთან. მაგალითად, საუდის არაბეთმა 24 თებერვლის შემდეგ, რუსულ ენერგეტიკულ კომპანიებში $500 მილიონის ინვესტიცია ჩადო. 

რუსეთმა ნავთობზე დაბალი ფასის დადებით აღმოსავლეთში მიწოდება გაზარდა და ახალი მყიდველები მოიზიდა

კრემლს სავაჭრო ურთიერთობების განვითარება სხვა სანქცირებულ ქვეყნებთანაც სურდა, მათ შორის ირანთან, ჩრდილოეთ კორეასა და სირიასთან. თუმცა, ახალი მიწოდების ჯაჭვებისა და ფინანსური არხების შექმნას დრო სჭირდება. ასევე, მოსკოვს მოუწევდა კონკურენტი ქვეყნების ინტერესების გათვალისწინებაც, მაგალითად, რუსული იარაღის ექსპორტი კონკურენციას გაუწევდა ჩინეთს.

ივნისში ნავთობის ექსპორტმა აზიაში 54%-ს მიაღწია, რადგან მოსკოვმა მომხმარებლებლებს ნედლი ნავთობი შეღავათიან ფასში შესთავაზა. აგვისტოს დასაწყისში, აზიის ქვეყნებმა რუსული ნავთობი $76 დოლარად შეიძინეს, როდესაც გლობალური ფასი ბარელზე $100-ზე მეტი იყო. 

გარდა ამისა, 2022 წლის მარტიდან, სანქციების თავიდან აცილების მიზნით, გემებზე სულ უფრო და უფრო მეტი რუსული ნავთობტანკერი დანიშნულების ადგილის გარეშე იგზავნება. რუსულ ტანკერებზე, მათი კვალის მიგნების გართულების მიზნით, "უცნობი დანიშნულების ადგილია" მითითებული. ანალიტიკოსების აზრით, ტანკერების დანიშნულების ადგილის გარეშე გაგზავნა იმის ნიშანია, რომ ნავთობი გადააქვთ უფრო დიდ გემებზე, რათა რუსული ნედლეული გემის ტვირთს შეერიოს, საბოლოდ კი, მონაცემები იმაზე, თუ ვინაა პროდუქტის მწარმოებელი, დაიკარგოს. ეს ერთ-ერთი ძველი ტექნიკაა, რომელსაც რუსეთის გარდა, ირანი და ვენესუელა იყენებენ.

ერთი შეხედვით, რუსული ნავთობის ექსპორტის დივერსიფიკაციის მცდელობა ევროკავშირის მიერ ნაწილობრივი ემბარგოს გამოცხადების შემდეგ წარმატებული აღმოჩნდა, რადგან ნაკლები ექსპორტის მიუხედავად, გაზრდილი ფასების გამო მოსკოვი მეტს გამოიმუშავებს. მართალია, რუსული ნავთობის ექსპორტი დასავლეთის ქვეყნებში დღიური 2.2 მილიონი ბარელით შემცირდა, მაგრამ, სანაცვლოდ, ინდოეთში, ჩინეთსა და თურქეთში გაიზარდა.

თუმცა, არც ისე გრძელვადიან პერსპექტივაში, რუსეთის ნავთობის ინდუსტრია ბუნებრივი საფრთხის წინაშეც დადგება - ნავთობის მარაგები იწურება. კრემლი იმედოვნებდა, რომ მომავალში წვდომა არქტიკული ნავთობის არატრადიციულ მარაგებზე ექნებოდა, თუმცა, ეს მხოლოდ ამერიკული ნავთობკომპანიების ტექნიკური მხარდაჭერითაა შესაძლებელი. ხოლო 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ, აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციების ფარგლებში, რუსული ბაზარი ამერიკულმა ნავთობკომპანიებმა უკვე დატოვეს.

რუსეთის ნავთობის ინდუსტრიის შეზღუდულ სიცოცხლისუნარიანობაზე საუბრობს ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორი, თენ გუსტაფსონიც. მისი მტკიცებით, რუსეთის ეკონომიკა ნავთობის ბაზართან იმდენადაა მიბმული, რომ ქვეყანას სხვა ალტერნატიული ინდუსტრია, რომელიც ბუნებრივი რესურსის ამოწურვის შემდეგ იმავე მოგების მომტანი იქნება, უბრალოდ - არ აქვს. 2019 წელს ნავთობისა და გაზის ექსპორტმა რუსული საექსპორტო შემოსავლის 56% შეადგინა, რაც ჯამში $237 მილიარდზე მეტია. აღნიშნული თანხა ქვეყნის ეროვნული ბიუჯეტის 39%-ია. შესაბამისად, ნავთობისა და გაზის ინდუსტრიის გარეშე, რუსეთის ეკონომიკა ბაზრის დივერსიფიკაციის ნაკლებობის გამოც დაზარალდება. 

რომ შევაჯამოთ: რუსული პროპაგანდის მცდელობის საპირისპიროდ, სტატისტიკის მიხედვით, რუსული ბუნებრივი გაზის ექსპორტის 83% ევროპაზე მოდის, შესაბამისად, მოსკოვი ბევრად უფრო მეტად არის დამოკიდებული ევროპულ ბაზრებზე, ვიდრე პირიქით. რეალურად, რუსეთმა ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის ყველაზე მნიშვნელოვანი იმპორტიორი დაკარგა და მოკლევადიან პერიოდში ძირითადი მიწოდების ჯაჭვებისა და მაღალტექნოლოგიური იმპორტის დივერსიფიკაციას ვერ შეძლებს. გარდა ამისა, ქვეყანა სრულიად მოუმზადებელია არაწიაღისეული საწვავის ეპოქაზე გადასასვლელად. 

ფასის ჭერი რუსულ ნავთობზე

ზემოთ აღნიშნული მაგალითებიდან ნათლად ჩანს, რომ რუსული ნავთობის ექსპორტის შეზღუდვა, ნაცვლად მისი საექსპორტო ფასის კონტროლისა, ენერგორესურსის გლობალურ ფასს კიდევ უფრო გაზრდის. შესაბამისად, უკანასკნელ თვეებში ყველაზე დიდი ეკონომიკური სვლა დიდი შვიდეულის ქვეყნების ახალი სანქციაა, რომელიც რუსული ნავთობის იმპორტზე საფასო ლიმიტის დაწესებას გულისხმობს და ძალაში 5 დეკემბრიდან შევა. 

თეორიულად, სანქცია ორმაგად მომგებიანია, რადგან რუსულ ნავთობზე ფასის ჭერის დაწესებით, ერთი მხრივ რუსეთის შემოსავლები შემცირდება, რომელმაც ომის დაწყების შემდეგ, სწორედ საფასო მანიპულაციებით გააორმაგა ნავთობისგან მიღებული შემოსავალი. ხოლო, მეორე მხრივ, პროდუქტის ბაზარზე არსებობა გლობალურ ფასს დაასტაბილურებს. 

რუსულ ნავთობზე ფასის ლიმიტის დაწესება პრაქტიკულად პირველი შემთხვევაა. როდესაც ქვეყნები პროდუქტზე ფასის ფიქსაციაზე თანხმდებიან, მისი პრაქტიკაში გამოყენება შესაძლოა პრობლემური იყოს. მაგალითად, დაიცავენ თუ არა ქვეყნები საფასო ჭერს იმდენად, რომ ამ ნაბიჯმა რუსეთის შემოსავლები არსებითად შეამციროს? ან, რუსეთის მიერ ალტერნატივის მოძიების შემთხვევაში, რამდენად წავლენ სხვა ქვეყნები სანქციებისთვის თავის არიდების რისკზე? თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, თუ როგორ უპასუხებს პუტინი დასავლეთის ახალ ეკონომიკურ სვლას: მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ნავთობის ექსპორტის შეჩერება დიდი ხნით არ შეუძლია, მოკლევადიან პერსპექტივაში, ევროკავშირისთვის ნავთობის მიწოდების შეწყვეტის რესურსი აქვს, რაც საკმარისია იმისთვის, რომ ევროზონის ეკონომიკა კიდევ უფრო დაზიანდეს. 

საბოლოოდ, ფასის ჭერის გამბიტის წარმატება შეფასდება იმით, თუ რამდენად შეასრულებს სანქცია ორივე მიზანს - როგორც რუსეთის შემოსავლების შემცირებას, ასევე გლობალური ნავთობის ბაზრების სტაბილიზაციას. სავარაუდოა, რომ სანქციით მანიპულაციის არაერთი მცდელობა იქნება, თუმცა, თუ აშშ ახალი ეკონომიკური პოლიტიკით რუსეთის ყველაზე ძვირადღირებული საექსპორტო შემოსავლის წყაროს ისე დააბრკოლებს, რომ ამით ევროკავშირი კიდევ უფრო არ დაზიანდეს, დარღვევების შემთხვევაშიც, სანქცია ეფექტიანად ჩაითვლება.

სამრეწველო პრობლემები რუსეთში

სანქციებმა რუსეთის ენერგეტიკული ინდუსტრიის გარდა, ყველა სხვა ბაზარს მძიმედ დაარტყა. განსაკუთრებით იმ სფეროებს, სადაც წარმოებისთვის დასავლეთიდან იმპორტირებულ ტექნიკურ დეტალებს იყენებენ. 

ამ ინდუსტრიული შეფერხების ერთ-ერთი მიზეზი იაპონური, ევროპული და ამერიკული ფირმების ბაზრიდან გასვლაა. გარდა ამისა, ბაზარზე მოქმედ მწარმოებლებს წარმოებისთვის საჭირო მასალების მოპოვება უჭირთ, რადგან იმ საქონელზეც კი, რომლებიც ოფიციალურად სანქციებს არ ექვემდებარება, რუსეთს წვდომა შეზღუდული აქვს. 

"ვერ ვიტყვი, რომ ტოტალური ბლოკადის წინაშე ვდგავართ, თუმცა, იმპორტიორები საქონლის მოწოდებაზე მასობრივად უარს აცხადებენ". - აღნიშნავს ერთ-ერთი სარკინიგზო აღჭურვილობის ფირმის, Transmashholding-ის აღმასრულებელი დირექტორი იმპორტირებული კომპონენტების დეფიციტზე საუბრისას. 

რუსეთის ინდუსტრიული სექტორის ბედი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მრეწველობა რუსეთში დასაქმების ძირითადი სფეროა. განსაკუთრებით ისეთ ქალაქებში, რომლებსაც რუსეთი მონოქალაქებს უწოდებს. ან, ურალის და ციმბირის დასახლებებში, სადაც მოსახლეობა ძირითადად ერთ ქარხანაზეა დამოკიდებული. ომის დაწყების შემდეგ ხალხის მასობრივად გათავისუფლება რუსეთის პროვინციებში პროტესტს იწვევს, რადგან რეალურად, რიგითი რუსისთვის პუტინის "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ღირებულება და სანქციების გავლენა ყოველდღიურად იზრდება.

საბოლოოდ, ომისა და სანქციების ხარჯები დიდია მიუხედავად იმისა, რომ დაწესებული შეზღუდვების თავდაპირველი გავლენა იმაზე ნაკლებად დრამატული იყო, ვიდრე ამას დასავლეთი იმედოვნებდა. 

"უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური ბლიცკრიგის გეგმა ჩაიშალა". - ამბობს პუტინი 18 აპრილის გამოსვლაში. 

შესაძლოა, ეკონომიკური ბლიცკრიგის გეგმა მართლაც ჩავარდა, თუმცა მომავალ წელს, რუსული ინდუსტრია დასავლეთიდან იმპორტირებული კომპონენტების გარეშე სამყაროსთან ადაპტაციისთვის იბრძოლებს, ხოლო რუსეთის მთავრობას, ნავთობის ფასებზე ჭერის დაწესების ფონზე, რეკორდულად მაღალ სოციალურ ხარჯებსა და ბიუჯეტის დეფიციტთან გამკლავება მოუწევს. მართალია, სანქციებმა უკრაინაში კრემლის ქცევა ვერ შეცვალა, თუმცა, ქვეყანას, სწრაფი აღდგენის მცირე იმედით, ხანგრძლივი რეცესია და ცხოვრების დონის გაუარესება ემუქრება. 

კომენტარები