აშშ-რუსეთი

ის რაციონალური მოთამაშეა, რომელმაც სწორად ვერ გათვალა – ბაიდენი პუტინზე

REUTERS/Tom Brenner

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს რაციონალურ მოთამაშე უწოდა, რომელმაც უკრაინაში შეჭრისას თავისი შესაძლებლობები ვერ გათვალა. 

"ვფიქრობ, რომ ის რაციონალური მოთამაშეა, რომელმაც სწორად ვერ გათვალა". - თქვა ბაიდენმა CNN-თან ინტერვიუს დროს.

მიუხედავად იმისა, რომ როგორც ბაიდენმა აღნიშნა პუტინი არის რაციონალური მოთამაშე, აშშ-ს პრეზიდენტმა რუსეთის ლიდერის სიტყვით გამოსვლას, უკრაინაში ომის დაწყებისას, სასაცილო უწოდა.

"თუ მის გამოსვლას მოუსმენთ, როდესაც ეს გადაწყვეტილება მიიღო, პუტინმა მთელ იდეაზე ისაუბრა - მისთვის საჭირო იყო რუსეთის ლიდერი ყოფილიყო, რომელიც ყველა რუსულენოვანს გააერთიანებდა. ვფიქრობ, რომ ეს ირაციონალურია.

გამოსვლა, მისი მიზნები არ იყო რაციონალური. ჩემი აზრით, ის ფიქრობდა, რომ მას ხელგაშლილი დახვდებოდნენ, რომ ეს იყო კიევში იყო დედა რუსეთის სახლი, სადაც ის უნდა მიეღოთ და ,ვფიქრობ, მან უბრალოდ არასწორად გათვალა". - თქვა ბაიდენმა.

რაც შეეხება რუსეთის მუქარას ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ, ბაიდენის განცხადებით, არ ჰგონია, რომ პუტინი ამას გააკეთებს. 

"არ მგონია, მან ეს გააკეთოს". – ასე უპასუხა აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა CNN-ის ჟურნალისტის კითხვას, გამოიყენებს თუ არა პუტინი ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს. 

"მგონია, რომ მისი მხრიდან უპასუხისმგებლოა, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ბირთვული სახელმწიფოს ლიდერი ამბობდეს, რომ მან შესაძლოა ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოიყენოს უკრაინაში". – თქვა ბაიდენმა.

კითხვაზე, შეხვდება თუ არა ჯო ბაიდენი ვლადიმირ პუტინს ნოემბერში გასამართ დიდი ოცეულის სამიტზე, ბაიდენმა უპასუხა, რომ ეს განსახილველ საკითხზე იქნება დამოკიდებული. მაგალითად, შესაძლებელი იქნება შეხვედრა, თუ განხილვის თემა რუსეთში დაპატიმრებული ამერიკელი კალათბურთელი, ბრიტნი გრაინერი იქნება. თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ სხვა შემთხვევაში, ის ვერ ხედავს კარგ მიზეზს რუსეთის პრეზიდენტთან პირისპირ სასაუბროდ. 

"ეს დამოკიდებული იქნება კონკრეტულად თუ რაზე ენდომება მას საუბარი. მაგრამ, ის სასტიკად მოიქცა და მე ვფიქრობ, რომ მან ომის დანაშაულები ჩაიდინა. შესაბამისად, ვერ ვხედავ მასთან შეხვედრის ვერანაირ მიზეზს". – თქვა ბაიდენმა.

კომენტარები