რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კირბი: აშშ უკრაინის შეიარაღებას გააგრძელებს

თეთრი სახლის პრესსპიკერი, ჯონ კირბი

თეთრი სახლის პრესსპიკერის, ჯონ კირბის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის შეიარაღებას გააგრძელებს

"გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენ ყოველდღიურად ვუკავშირდებით უკრაინელებს და მათ შეიარაღებას გავაგრძელებთ". - თქვა კირბიმ ABC-ის გადაცემა This Week-თან ინტერვიუში.

ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ყირიმში, ქერჩის ხიდზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ამ საკითხზე აშშ-ს დამატებით ცნობები არ აქვს. 

"ჩვენ ნამდვილად არაფერი გვაქვს დასამატებელი. რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ომი ბატონმა პუტინმა დაიწყო და თავისი ჯარების უკრაინის ტერიტორიიდან გაყვანით, მისი დღესვე დასრულება შეუძლია". - თქვა კირბიმ. 

კირბის თქმით, მოლაპარაკებების გზით ომის დასრულება ორივე მხარეს სჭირდება, თუმცა, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ამ მხრივ არანაირი ინტერესი არ გამოიჩინა. 

"პირიქით, ასობით ათასი რეზერვისტის გამოძახებითა და უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსიის მცდელობით მან საპირისპირო აჩვენა". - თქვა კირბიმ. 

კირბი ასევე გამოეხმაურა გასულ კვირას, აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სიტყვას, სადაც ბაიდენმა აღნიშნა, რომ ვლადიმირ პუტინის მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენებაზე ყველაზე დიდი საფრთხეა კუბის სარაკეტო კრიზისის შემდეგ, რადგან, აშშ-ს პრეზიდენტის განმარტებით, რუსეთის ხელმძღვანელობა უკრაინის ომის გამო მნიშვნელოვან შიდა კრიზისს განიცდის და პუტინი "არ ხუმრობს, როდესაც ბირთვული იარაღის გამოყენებით იმუქრება".  

"პრეზიდენტი ასახავდა იმ ძალიან მაღალ ფსონებს, რომლებიც ახლა თამაშშია... განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ თანამედროვე ბირთვულ ძალასა და მის ლიდერზე, რომელიც მზადაა, გამოიყენოს უპასუხისმგებლო რიტორიკა ისე, როგორც ამას ბატონი პუტინი აკეთებს". - დასძინა კირბიმ. 

კომენტარები