რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ISW: უკრაინული ძალები ლიმანს უახლოეს 72 საათში დაიკავებენ

უკრაინელი სამხედროები უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს დროშას აფრიალებენ
 Arsen Petrov via Twitter

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ინფომაციით, უკრაინული ძალები უახლოეს 72 საათში დაიკავებენ, ან სრულად ალყაში მოაქცევენ დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანს. 

30 სექტემბრის ანგარიშის მიხედვით, უკრაინის წინსვლის ფონზე, რუსული ჯარი ლიმანის შემოგარენიდან უკან დახევას განაგრძობს. კერძოდ, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ცნობით, რუსეთი კვლავ აკონტროლებს ქალაქ ლიმანს, თუმცა თავიანთი პოზიციები დრობიშევსა და იამპოლში დატოვეს. დრობიშევი ლიმანის ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით, 6 კმ-ში მდებარეობს, ხოლო იამპოლი ლიმანის სამხრეთით, 13 კმ-ში. 

ISW-ი რუსულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ოკუპანტები ლიმანიდან ტორსკოემდე მიმავალ გზას ჯერ კიდევ აკონტროლებენ, თუმცა უკრაინულმა ძალებმა დრობიშევო-ტორსკოეს გზა სტავოკის რაიონში გადაკეტეს. ასევე, წყაროების მტკიცებით, ლიმანის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სვატოვო-ტორსკოეს გზატკეცილის მიმდებარედ, გაიზარდა უკრაინის სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფების აქტივობა მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა მდინარე ჟერებეცი გადაკვეთეს. 

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 30 სექტემბერს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლუგანსკის ოლქში ოკუპანტების რამდენიმე მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტი დაბომბეს. 

კომენტარები