ლეიენი: პუტინის მიერ უკრაინის ტერიტორიების უკანონო ანექსია არაფერს შეცვლის

Kenzo Tribouillard/AFP/Getty Images

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლეიენი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებას გამოეხმაურა. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ანექსია გამოაცხადა.

 "პუტინის მიერ გამოცხადებული უკანონო ანექსია არაფერს შეცვლის. რუსი დამპყრობლების მიერ უკანონოდ ოკუპირებული ყველა ტერიტორია უკრაინას ეკუთვნის და ამ სუვერენული ერის ნაწილი ყოველთვის იქნება". - წერს ლეიენი.

ევროკავშირის განცხადების მიხედვით რუსეთის ქმედებები არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.

"ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ უკანონო რეფერენდუმს, რომელიც რუსეთმა უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შემდგომი დარღვევის გასამართლებლად ჩაატარა და არც მათ გაყალბებულ და უკანონო შედეგებს.

ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს შემაკავებელ ზომებს რუსეთის უკანონო ქმედებების წინააღმდეგ, რაც გაზრდის ზეწოლას რუსეთზე აგრესიული ომის დასასრულებლად". - წერია განცხადებაში.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ანექსია გამოაცხადა.

პუტინმა სიტყვით გამოსვლის დროს გამოთქვა რწმენა, რომ რუსეთის ფედერალური საბჭო მხარს დაუჭერს უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში მიღებას.

სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიების მარიონეტმა ლიდერებმა, პუტინთან ერთად, ხელი მოაწერეს რუსეთთან შეერთების ე.წ. დოკუმენტს.

23-27 სექტემბერს მოსკოვმა უკრაინის ოთხ ოკუპირებულ ოლქში: დონეცკში, ლუგანსკში, ხერსონსა და ზაპოროჟიეში ჩაატარა რუსეთთან შეერთების ფსევდორეფერენდუმები, რომელთა "შედეგებით" ამ ოლქების რუსეთის ფედერაციასთან შეერთება "გადაწყდა".

რუსეთის საოკუპაციო ძალები ამ ოთხი ოლქიდან ვერცერთს სრულად ვერ აკონტროლებენ, მარიონეტულ ადმინისტრაციებს პრეტენზიები კი ოლქის მთელ ადმინისტრაციულ საზღვრებზე აქვთ.

რუსეთმა მსგავსი ფსევდორეფერენდუმი აქამდე 2014 წელს ყირიმში ჩაატარა. 

ე.წ. რეფერენდუმების დანიშვნის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, ასევე თქვა, რომ რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფსევდორეფერენდუმების უსაფრთხოდ ჩატარებას უზრუნველყოფდა. ამას გარდა, პუტინი დასავლეთს კვლავ ბირთვული იარაღის გამოყენებით დაემუქრა.

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და რუსეთის ექსპრეზიდენტი, დმიტრი მედვედევი საკუთარ ტელეგრამ-არხზე წერდა, რომ ე.წ. რეფერენდუმებით ტერიტორიების ანექსიის შემთხვევაში, მათ დასაცავად, შესაძლოა, სტრატეგიული ბირთვული იარაღიც გამოიყენონ.

როგორ ამზადებდა უკრაინის კონტრიერიშამდე რუსეთი ოკუპირებული მიწების ანექსიის ნარატივს, წაიკითხეთ აქ – მითი ნოვოროსიაზე – კრემლის მზადება უკრაინის ტერიტორიების ანექსიისთვის.

კომენტარები