ვლადიმირ პუტინი

"სხვათა შორის, პრეცედენტი შექმნეს" – პუტინი აშშ-ს მიერ 1945 წელს ატომური ბომბის გამოყენებაზე

2022 წლის 15 თებერვალი, ვლადიმირ პუტინი ოლაფ შოლცთან შეხვედრაზე
AP News

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიასთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლის დროს კიდევ ერთხელ გააჟღერა ბირთვული მუქარა და ხაზი გაუსვა, რომ ატომური ბომბის გამოყენების პრეცედენტი უკვე არსებობს.

სიტყვით გამოსვლის დროს პუტინმა ისაუბრა დასავლური სახელმწიფოების ათწლეულებისა და ასწლეულების წინანდელ პოლიტიკაზე, მათ შორის აშშ-ზეც და ახსენა, რომ ამ უკანასკნელმა ბირთვული იარაღი ორჯერ გამოიყენა იაპონიის წინააღმდეგ, ჰიროსიმასა და ნაგასაკის დაბომბვის დროს. 

"სხვათა შორის, პრეცედენტი შექმნეს". – ხაზი გაუსვა პუტინმა. 

აქამდე, 21 სექტემბერს, როდესაც ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, მან თქვა, რომ რუსეთი, საჭიროების შემთხვევაში, არსებულ ყველა საშუალებას გამოიყენებდა და ეს ბლეფი არ იყო. მან ასევე თქვა, რომ ვინც რუსეთის ბირთვული იარაღით შანტაჟს ცდილობს, "უნდა იცოდნენ, რომ ქარმა, შესაძლოა, მათი მიმართულებით იცვალოს პირი".

ამას გარდა, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და რუსეთის ექსპრეზიდენტი, დმიტრი მედვედევი საკუთარ ტელეგრამ-არხზე წერდა, რომ ე.წ. რეფერენდუმებით ტერიტორიების ანექსიის შემთხვევაში, მათ დასაცავად, შესაძლოა, სტრატეგიული ბირთვული იარაღიც გამოიყენონ.

კომენტარები