სოხუმის დაცემის დღე

ბოკერია: სოხუმის დაცემის დღე ჩვენთვის უნდა იყოს გამაერთიანებელი, იდეის შემხსენებელი

ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ თქვა, რომ სოხუმის დაცემის დღე ჩვენთვის გამაერთიანებელი და იმ იდეის შემხსენებელი უნდა იყოს, რომ აუცილებელია თავისუფლებისა და საქართველოს მთლიანობის დაცვა და რუსეთის წინააღმდეგ ერთიანობა.

"დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეა და ბუნებრივია, ჩვენი მორალური ვალია, რომ მსხვერპლი გვახსოვდეს. ადამიანები, ვინც ჩვენს თავისუფლებასა და ტერიტორიულ მთლიანობას თავი შეწირა. ის ადამიანები, დევნილები, ვინც ყველაზე მეტად აწამეს და გენოციდი გამოიარეს. ჩვენი ვალია, რომ ეს გვახსოვდეს, მაგრამ ამავე დროს, ეს დღე ჩვენთვის უნდა იყოს გამაერთიანებელი, იდეის შემახსენებელი, რომ თავისუფლებისა და ჩვენი ქვეყნის მთლიანობის დაცვა და ჩვენი მტრის, რუსეთის წინააღმდეგ ერთიანობა იმის საფუძველია, რომ ჩვენი მომავალი თაობები იმ უბედურებისთვის არ გავწიროთ, რაც ამდენი წელია საქართველოს ჩრდილოელი მეზობლისგან თავს ატყდება". - ამბობს ბოკერია.

გიგა ბოკერიას თქმით, ამ ყველაფერს პირველ რიგში ქვეყნის შიგნით ვითარების შეცვლა სჭირდება.

"ამას პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის შიგნით ვითარების შეცვლა სჭირდება. თქვენ ახსენეთ უკრაინელების გმირული ბრძოლის გამო საერთაშორისოდ შეცვლილი ვითარება, ეს ასეა. ეს ჩვენ შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ჩვენი თავისუფლება დავიბრუნოთ, ჩვენი მოქალაქეები სახლებში დაბრუნდნენ, რომ გენოციდის შედეგები აღმოვფხვრათ და თავისუფალი, უსაფრთხო და დაცული ქვეყანა ვიყოთ. ოღონდ, ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, თუ ჩვენ ქვეყნის შიგნით ფორმაში ვიქნებით. იმიტომ, რომ შესაძლებლობები ადრეც იყო, მაგალითად, 90-იანი წლების ბოლოს, ოღონდ, მაშინ ბალტიისპირეთის ქვეყნებისგან განსხვავებით, არც ჩვენ და არც უკრაინა ამ შესაძლებლობების გამოყენებისთვის მზად არ ვიყავით. ჩვენ, როგორც ქვეყანა, თუ ახლაც იგივე შეცდომას დავუშვებთ, ამ ჭაობსა და სისხლისღვრაში ყოფნისთვის კიდევ თაობებს გავწირავთ. ამიტომ არის სამარცხვინო, საზიანო და მოღალატეობრივი საქციელი ომის შიშით ადამიანების მოტყუება, რომ რუსეთთან ჩაწოლითა და დალაგებით მსხვერპლს გადავურჩებით. ეს ყველაფერი პირიქით არის. დღევანდელი დღე სწორედ იმ დროს გვახსენებს, როცა არც NATO-ს საკითხი იდგა, არც ევროკავშირისა და არც დასავლეთის. სამწუხაროდ, საბჭოთა კავშირის დანგრევით ბედნიერი აქეთ არ იყურებოდა და ჩვენ ყურადღების ქვეშ ვერ მოვხვდით. დავრჩით მარტო და მოუმზადებელი. ასეთ ვითარებაში დასუსტებულმა რუსეთმაც კი უზარმაზარი დარტყმა მოგვაყენა. ამიტომ, მოღალატეობრივია ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც რუსეთის წინაშე მარტო და მოუმზადებელს დავგტოვებს. სწორედ ეგ პოლიტიკა მოიტანს მეტ მსხვერპლს, თუ არ შევცვალეთ და არა პირიქით". - თქვა ბოკერიამ.

27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა.


27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, 21:00 საათზე, საქართველოს და უკრაინის მთლიანობის და თავისუფლების მხარდასაჭერად რუსთაველის ძეგლიდან მსვლელობას გავმართავთ და პარლამენტთან პროგრამით დავასრულებთ - https://bit.ly/3QUY9tJ

კომენტარები