რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პესკოვი: მობილიზაციის გამოცხადების ფონზე რუსეთს საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება არ მიუღია

დმიტრი პესკოვი
RBK

კრემლის ცნობით, ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების ფონზე, რუსეთს საზღვრის ჩაკეტვის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია.

"არაფერი ვიცი ამის შესახებ. ამ დროისთვის ამასთან დაკავშირებით არანაირი გადაწყვეტილება არ მიგვიღია", - აღნიშნა კრემლის სპიკერმა, დმიტრო პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას საზღვრის ჩაკეტვის შესაძლებლობის შესახებ კითხვაზე პასუხისას. 

პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ გაწვევა მოქალაქეთა ნაწილმა შემთხვევით არასწორად მიიღო. შეცდომებს რეგიონის გუბერნატორები და თავდაცვის სამინისტრო ამოწმებს, - დამატებით შენიშნა კრემლის სპიკერმა.

ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, საზღვრის დაკეტვის შიშის გამო გაიზარდა სამხედრო ასაკის კაცების ქვეყნის დატოვების მცდელობა. 

Новая газета ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ქვეყანა 261 000-მა კაცმა დატოვა. 

საზღვრის მიღმა დაფუძნებულმა რუსულმა მედიებმა - Meduza-მ და Новая газета-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კრემლი გეგმავს ქვეყნის საზღვრების ჩაკეტვას. ამ ცნობების შესახებ არ წერს რუსეთის მთავარი მედიები.

21 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა

ნაწილობრივი მობილიზაცია გულისხმობს იმ სამხედრო მოსამსახურეების გაწვევას, ვისაც გარკვეული სამხედრო მომზადება უკვე გავლილი აქვთ. პუტინის თქმით, სამხედროებს რეზერვიდან გაიწვევენ, პირველ რიგში მათ, ვისაც გამოცდილება აქვს. პროცესი 21 სექტემბერს დაიწყო. მობილიზებულ სამხედროებს კონტრაქტორების სტატუსი და ხელფასი ექნებათ. როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თქვა, მობილიზებული იქნება დაახლოებით 300 000 სამხედრო.

ნაწილობრივი მობილიზაციის სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება შეეძლებათ მხოლოდ მათ, ვინც მიაღწევს გაწვევის მაქსიმუმ ასაკს, შეექმნება ჯანმრთელობის პრობლემები ან თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიან.

პუტინის თქმით, მობილიზაცია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმების უსაფრთხოდ ჩატარებას უკავშირდება და ითვალისწინებს თავდაცვის სამინისტროს რჩევას

კომენტარები