რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ორბანი: ევროკავშირის სანქციებმა რუსეთის ნაცვლად, ევროპა დაასუსტა

უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი
REUTERS/Bernadett Szabo

უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის თქმით, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა რუსეთის ნაცვლად, ევროპა დაასუსტა. ორბანმა აღნიშნა ისიც, რომ უკრაინაში ომი დიდხანს გაგრძელდება, რისთვისაც უნგრეთი უნდა მოემზადოს

ასევე, ორბანის მტკიცებით, ევროკავშირის არასწორმა პოლიტიკამ გამოიწვია ის, რომ ევროპაში მთავრობები რადიკალურად შეიცვალა. ამით პრემიერმინისტრი იტალიაში ულტრამემარჯვენე ლიდერის, ჯორჯია მელონის გამარჯვებას გამოეხმაურა. 

26 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციით, იტალიის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მოპოვებული წარმატების შედეგად, ჯორჯია მელონი იტალიის პირველი ქალი პრემიერმინისტრი გახდება და უხელმძღვანელებს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მემარჯვენე მთავრობას. 

ხმების თითქმის 90% უკვე დათვლილია. წინასწარი შედეგებით ირკვევა, რომ პარლამენტის ორივე პალატაში მემარჯვენე ბლოკი სოლიდურ უმრავლესობას მოიპოვებს, რაც იტალიისთვის საკმაოდ იშვიათია. ქვეყანაში წლების განმავლობაში პოლიტიკური არასტაბილურობის მიზეზი სწორედ მყიფე კოალიციები იყო.


ევროპაში რუსეთ-უკრაინის ომმა ენერგორესურსებზე ფასების რეკორდული ზრდა და მაღალი ინფლაცია გამოიწვია. 24 თებერვლიდან დღემდე, ევრომ დოლართან მიმართებით თავისი ღირებულების 12%-ზე მეტი დაკარგა. ევროკავშირის 19 ქვეყნის ერთიანი ვალუტის გაუფასურება დიდწილად დოლარის სიძლიერითა და ევროზონის ეკონომიკური ზრდის პროგნოზების გაუარესებითაა განპირობებული. 

ასევე, ევროზონის კომპანიების საორიენტაციო კვლევამ აჩვენა, რომ ბიზნეს აქტივობამ ბოლო 20 წლის მანძილზე ყველაზე დიდი შეკუმშვა განიცადა, ხოლო ივნისის შემდეგ ფასები ყველაზე მკვეთრი ტემპით იზრდება. ამჟამად, 1 ევროს ღირებულება 0.98 დოლარია. 

"სტაგფლაციური შოკი რეალურია და ის ძლიერდება". - თქვა კლაუს ვისტესენმა, Pantheon Macroeconomics-ის ეკონომისტმა.

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ზაფხულის დასაწყისიდან საპროცენტო განაკვეთი 125 საბაზისო პუნქტით 0.75%-მდე გაზარდა. ექსპერტების ვარაუდით, ბანკი ოქტომბრისა და დეკემბრის შეხვედრებზე საპროცენტო განაკვეთის კიდევ უფრო მეტად გაზრდის გადაწყვეტილებას მიიღებს.

ასევე, Deutsche Bank-ის ეკონომისტებმა ამ კვირაში შეამცირეს თავიანთი ზრდის პროგნოზები და განაცხადეს, რომ ენერგეტიკულმა კრიზისმა უკვე გამოიწვია ევროზონის ეკონომიკის შეკუმშვა და იწინასწარმეტყველეს, რომ მიმდინარე წლის მესამე კვარტალიდან 2023 წლის მეორე კვარტლამდე კუმულაციური 3%-ით შემცირდება. 

რეცესიის რისკზე საუბრობს S&P Global-ის მთავარი ბიზნეს ეკონომისტიც, კრის უილიამსონი. მისი თქმით, გამოკითხვის პერსპექტიული ინდიკატორები ევროზონის მკვეთრ ეკონომიკურ ვარდნაზე მიუთითებს, რაც რეგიონის რეცესიაში ჩავარდნის ალბათობას ზრდის.

კომენტარები