ჩრდილოეთ კორეა

"ენას კბილი დააჭირეთ" – ჩრდილოეთ კორეის პასუხი რუსეთისთვის იარაღის მიყიდვის ბრალდებაზე

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი. სიუჟეტს ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია ავრცელებს
North Korea's KCNA [Reuters]

ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური განცხადების მიხედვით, აშშ და მისი პარტნიორი სახელმწიფოები ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის იარაღის მიყიდვის შესახებ ჭორებს ავრცელებენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ იარაღით ვაჭრობა სუვერენული სახელმწიფოს უფლებაა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩრდილოეთ კორეას რუსეთში იარაღი ექსპორტზე არ გააქვს,

"ჩვენ გვსურს ეს შესაძლებლობა გამოვიყენოთ და გარკვევით ვთქვათ, რომ ჩვენ იარაღი და საბრძოლო მასალა ექსპორტზე რუსეთში არასდროს გაგვიტანია და არც ვაპირებთ გატანას. ზუსტად ცნობილი არ არის, აშშ-ს მიერ გავრცელებული ჭორი სად იღებს სათავეს, მაგრამ მისი მიზანი ჩრდილოეთ კორეის იმიჯის შელახვაა. ჩვენ ვგმობთ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ აშშ-ს დაუფიქრებლად გავრცელებულ ჭორს, მისი პოლიტიკური და სამხედრო მიზნების მისაღწევად. ვაფრთხილებთ აშშ-ს, ენას კბილი დააჭიროს და შეეშვას დაუფიქრებელი კომენტარების გაკეთებას და ჩრდილოეთ კორეისთვის შენიშვნების მიცემას". – წერია განცხადებაში.

აგვისტოში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა ირანისგან უპილოტო საფრენი აპარატები, ხოლო ჩრდილოეთ კორეისგან რაკეტები და ჭურვები შეიძინა. 

ამის შესახებ ინფორმაცია ბრიტანეთის დაზვერვამაც გაავრცელა და აღნიშნა, რომ რუსეთი, საკუთარი მარაგების შემცირების ფონზე, სავარაუდოდ, სხვა სანქცირებული ქვეყნებისგან, როგორიცაა ირანი და ჩრდილოეთ კორეა, უფრო და უფრო მეტ იარაღს ყიდულობს. 

ამის პარალელურად, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის გათავისუფლების დღისადმი მიძღვნილ წერილში აღნიშნა, რომ რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა "საერთო ძალისხმევით, ყოვლისმომცველ და კონსტრუქციულ ორმხრივ ურთიერთობებს გააძლიერებენ". ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ფხენიანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს

პუტინის თქმით, მოსკოვსა და ფხენიანს შორის მჭიდრო კავშირი ორივე ქვეყნის ინტერესებშია. მისი თქმით, ქვეყნების დაახლოება კორეის ნახევარკუნძულისა და ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიის რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას გაზრდის. 

კომენტარები