დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპსა და მის შვილებს ნიუ-იორკის გენერალური პროკურორი თაღლითობისთვის უჩივის

დონალდ ტრამპი 2021 წლის 6 იანვრის დემონსტრაციაზე სიტყვით გამოსვლის დროს

ნიუ-იორკის გენერალური პროკურატურა თაღლითობით გამდიდრებაში აშშ-ის 45-ე პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და მის შვილებს ადანაშაულებს.

გენერალური პროკურორის, ლეტიცია ჯეიმსის თანახმად, 2011-2021 წლებში ტრამპის ორგანიზაცია უკანონოდ ზრდიდა მისი კუთვნილი ქონების ფასს, შეცდომაში შეჰყავდა სისტემა და ამ გზით საკუთარი კაპიტალი მილიარდობით დოლარით გაზარდა.

ტრამპის ორგანიზაცია ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ საქმეს ფაქტებთან და კანონთან საერთო არაფერი აქვს. აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი, დონალდ ტრამპი, რომელიც პოლიტიკაში ბიზნესიდან მივიდა, მიიჩნევს, რომ მის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.

ამასთან ერთად, აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, სავარაუდოდ, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლასა და გამომძიებლებისთვის ყალბი ინფორმაციის მიწოდებაში ედება ბრალი.

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა ტრამპთან დაკავშირებული საქმის დოკუმენტები გაასაჯაროვა. საუბარია იმ გადაწყვეტილებაზე, რომლის საფუძველზეც ტრამპის რეზიდენციაში გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ჩხრეკა ჩაატარა.

38-გვერდიან დოკუმენტში გარკვეული ინფორმაცია, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე და მოწმეთა დაცვის თვალსაზრისით, დაფარულია. იქვე აღნიშნულია, რომ დონალდ ტრამპმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანამდებობის დატოვების შემდეგ თეთრი სახლიდან გაიტანა დოკუმენტები, რომელიც მოგვიანებით ეროვნულ არქივს გადაეცა.

აფიდევიტის მონაცემებით, ჩხრეკის შედეგად ამოღებული დოკუმენტებიდან 67 მონიშნული იყო, როგორც "კონფიდენციალური", 92 როგორც "საიდუმლო" და 25 როგორც "სრულიად საიდუმლო".

აშშ-ში სენსიტიური სახელმწიფო მასალების კლასიფიკაციის სამი ძირითად დონე არსებობს: ზესაიდუმლო, საიდუმლო და კონფიდენციალიური. 

ზესაიდუმლო კლასიფიკაციის უმაღლესი დონეა, რომელიც ქვეყნის ყველაზე უფრო დაცულ დეპარტამენტზე, ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას შეიცავს. ასეთი დოკუმენტები ჩვეულებრივ სპეციალურ სამთავრობო დაწესებულებებში ინახება, რადგან გამჟღავნებამ შესაძლოა ეროვნულ უსაფრთხოებას სერიოზული ზიანი მიაყენოს.

იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, სახეზეა კანონის სხვადასხვა შესაძლო დარღვევაც, რომელიც სამთავრობო ჩანაწერების არამართლზომიერ გამოყენებასთანაა დაკავშირებული. კერძოდ, სახელმწიფო დოკუმენტების დამალვის, ან განადგურების მცდელობის შესახებ. 

დოკუმენტის მიხედვით, ტრამპის ადვოკატებმა ივნისში, როდესაც ბიუროს აგენტები მარალაგოს სახლში ჩანაწერების ამოსაღებად მივიდნენ, "მთავრობის პერსონალს ყუთების გახსნა ან ნებისმიერ ყუთში ჩახედვა პირდაპირ აუკრძალეს".

იუსტიციის დეპარტამენტის მიერ სასამართლოში შუამდგომლობის შეტანა 1 სექტემბერს დაგეგმილი სასამართლო მოსმენის წინ მოხდა. მოსმენაზე საოლქო მოსამართლემ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ტრამპის შუამდგომლობაზე, დაინიშნოს დამოუკიდებელი არბიტრი, ე.წ. საგანგებო მაგისტრი, რომელიც საქმეს ზედამხედველობას გაუწევს. 

იუსტიციის დეპარტამენტმა 31 აგვისტოს აღნიშნა, რომ საგანგებო მაგისტრის დანიშვნას ეწინააღმდეგება. პროკურორები აცხადებენ, რომ დანიშვნას საფუძველი არ აქვს, რადგან ჩანაწერები "მას არ ეკუთვნის“.

New York  Post-ის სტატიის მიხედვით, იუსტიციის დეპარტამენტმა ისე ჩაასწორა წერილობითი ჩვენება, რომ მხარს უჭერდა FBI-ს მხრიდან დონალდ ტრამპის მარალაგოს სახლის ჩხრეკას. ამასთან ერთად, იუსტიციის სასამართლომ მოსახლეობას არაფერი მიაწოდა ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის სახლში ჩხრეკის ორდერის აღსრულების მონუმენტური გადაწყვეტილების შესახებ, რაც უპრეცედენტოა აშშ-ს ისტორიაში.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ტრამპმა არ განაცხადა, რომ ის ფლობდა გასაიდუმლოებულ ინფორმაციას. გარდა ამისა, შემდგომ მიმოწერაში, მას შემდეგაც კი, რაც NARA-მ აღნიშნა, რომ მასალების დიდი ნაწილი საიდუმლოდ ჩანდა, ტრამპის ადვოკატს არასოდეს გამოუთქვამს რაიმე პრეტენზია, რომ ტრამპმა გაასაიდუმლოა რომელიმე მათგანი, მით უმეტეს, ყველაფერი.

ამასთან ერთად, მთავრობას აშკარად ჰყავს მოწმეები. 2022 წლის მაისის შუა რიცხვებამდეც კი, სანამ ტრამპმა NARA-ს პირველი 15 ყუთი გადასცა, FBI-ს უკვე ჰყავდა ერთი ან მეტი მოწმე, რომლებმაც აცნობეს ბიუროს, რომ ტრამპი ჯერ კიდევ აგროვებდა საიდუმლო დოკუმენტებს მარალაგოში.

არსებული მტკიცებულებებით, არსებობს ვარაუდი, რომ ტრამპი მართლმსაჯულების ხელის შეშლასა და გამომძიებლებისთვის ყალბი ინფორმაციის მიცემის ბრალდებით დააკავონ.

აშშ-ს პრეზიდენტები ვალდებულნი არიან, საკუთარი ყველა წერილი, სამუშაო დოკუმენტი და ელექტრონული წერილი ეროვნულ არქივს გადასცენ. თუმცა, ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ტრამპმა პრეზიდენტობის შემდეგ მრავალი დოკუმენტი წაშალა. 2022 წლის თებერვალში ეროვნულმა არქივმა, რომელის პრეზიდენტის ჩანაწერების შენარჩუნებისთვის მუშაობს, იუსტიციის დეპარტამენტს მიმართა, ოფიციალურ დოკუმენტებსა და დონალდ ტრამპთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს. 

კომენტარები