საქართველოს კინოთეატრები

რა ვნახოთ დიდ ეკრანზე? – სექტემბრის მთავარი კინოპრემიერები

Befunky

სექტემბრის მიწურულს საქართველოს კინოთეატრებში რამდენიმე მნიშვნელოვანი ფილმი გამოდის.

თვალი გადავავლოთ იმ მნიშვნელოვან კინოპრემიერებს, რომლებიც სექტემბრის ბოლოს გველოდება.

ზამთრის დეპრესია

ქართველი რეჟისორის თაზო ნარიმანიძის დრამატული ფილმი საქართველოს კინოთეატრებში 22 სექტემბერს გამოვა. ფილმში მთავარ როლებს გიგა დათიაშვილი, ანასტასია ჭანტურია და ნატალია ყუროშვილი ასრულებენ. სურათის მთავარი გმირები ტბისპირა სოფელში თბილისიდან დასასვენებლად ჩასული ახალგაზრდები არიან. ზამთრის დეპრესია 2021 წლის თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი კონკურსის მონაწილეა.

Don't Worry Darling

Booksmart-ის რეჟისორის, ოლივია უაილდის მეორე სრულმეტრაჟიანი ფილმი. დრამატულ თრილერში მთავარ როლებს პოპ მომღერალი ჰარი სთაილსი და შავი ქვრივის ვარსკვლავი ფლორენს პიუ ასრულებენ. სურათი ვენეციის კინოფესტივალის ერთ-ერთი გამარჯვებული და სან-სებასტიანის ფესტივალის მონაწილეა. სთაილსი და პიუ ცოლ-ქმარს თამაშობენ, ხოლო ოჯახური დრამის მოქმედება 50-იან წლებში ვითარდება. Don't Worry Darling საქართველოს კინოთეატრებში 22 სექტემბრიდან გამოვა.

Moonage Daydream

დოკუმენტური ფილმი ლეგენდარული მუსიკოსისა და არტისტის, დევიდ ბოუის შესახებ. ფილმში გამოყენებულია აქამდე უცნობი მასალა, რომელიც რეჟისორმა ბრეტ მორგანმა ბოუის ოჯახის არქივიდან მოიპოვა. Moonage Daydream-ის პრემიერა 2022 წლის კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, მუსიკალურმა ფილმმა კინოკრიტიკოსების დადებითი შეფასებები დაიმსახურა. მუსიკის მოყვარულებს დოკუმენტური ფილმის ნახვა 29 სექტემბრიდან შეეძლებათ.

Avatar

13 წლის შემდეგ ჯეიმს კამერონის ეპიკური სამეცნიერო ფანტასტიკური ბლოკბასტერი ქართულ კინოგაქირავებაში ბრუნდება. 9 ოსკარის ნომინაციის მფლობელი, ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმის ნახვა დიდ ეკრანზე 22 სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი. 

Man of God

ბერძნული ფილმი, რომელიც მე-19 საუკუნის ბერძენი მართლმადიდებელი წმინდანის, ნექტარიოს ეგინელის ბიოგრაფიას ეფუძნება. სერბი წარმოშობის ამერიკელი რეჟისორის, ელენა პოპოვიჩის ნამუშევარში ერთ-ერთ მთავარ როლს ჰოლივუდის ვარსკვლავი მიკი რურკი ასრულებს.

 

კომენტარები