დაძაბულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

აზერბაიჯანის საგარეო: პელოსი ცნობილია, როგორც პროსომეხი პოლიტიკოსი – ბრალდებები მიუღებელია

Anna Moneymaker/Getty Images

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიუღებელი უწოდა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის სიტყვებს, რომელმაც მკაცრად დაგმო აზერბაიჯანის მიერ სომხეთზე საზღვარზე "უკანონო" თავდასხმები. 

"ღრმად სამწუხაროა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის მიერ 2022 წლის 18 სექტემბერს სომხეთში ვიზიტის დროს გაკეთებული განცხადება, რომელიც ამახინჯებს რეგიონში არსებულ მდგომარეობას. პელოსის მიერ აზერბაიჯანის წინააღმდეგ  წაყენებული უსაფუძვლო და უსამართლო ბრალდებები მიუღებელია". – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

აზერბაიჯანის საგარეო წერს, რომ ნენსი პელოსი ცნობილია, როგორც პროსომეხი პოლიტიკოსი და ის სომხეთში ვიზიტს შიდა პოლიტიკური დღის წესრიგისთვის იყენებს.

"ზოგადად, პელოსი ცნობილია, როგორც პროსომეხი პოლიტიკოსი და ამის ნათელი დადასტურებაა სომხეთში მის დელეგაციაში კონგრესის პროსომეხი წევრების ყოფნაც. იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ს კონგრესის შუალედური არჩევნების პერიოდი ახლოვდება, როგორც ჩანს, ნენსი პელოსი ამ ვიზიტს შიდა პოლიტიკური დღის წესრიგისთვის და აშშ-ში სომხური ლობისტური წრეები მხარდაჭერისთვის იყენებს. მიუღებელია აშშ-ს შიდა დღის წესრიგიდან პოლიტიკური ინტრიგებისა და ლობისტური ინტერესების სომხეთის გავლით სამხრეთ კავკასიაში გადატანა". – აცხადებს აზერბაიჯანის საგარეო.

უწყება ასევე წერს, რომ ნენსი პელოსის განცხადება სერიოზული დარტყმაა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობის ნორმალიზების მცდელობის პროცესისთვის.

ნენსი პელოსი სომხეთში 17 სექტემბერს ჩავიდა. მან მკაცრად დაგმო, მისი თქმით, აზერბაიჯანის მიერ სომხეთზე სასაზღვრო "უკანონო" თავდასხმები და ვიზიტისას ამერიკის მხრიდან სომხეთის სუვერენიტეტის მხარდაჭერას გაუსვა ხაზი. ერევანში საუბრისას პელოსიმ თქვა, რომ მის ვიზიტამდე "აზერბაიჯანმა სომხეთის ტერიტორიაზე უკანონო და სასიკვდილო თავდასხმები მოაწყო", რამაც სასაზღვრო შეტაკებები და 200-ზე მეტი ადამიანის დაღუპვა გამოიწვია. 

კონფლიქტში ბრალდებული მხარის განსაზღვრა სცილდება იმას, რასაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი აქამდე საჯაროდ აცხადებდა. სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გამოთქვა შეშფოთება ბრძოლების გამო და სიმშვიდისკენ მოუწოდა ორივე მხარეს, თუმცა ინიცირებაში არც ერთი მხარე არ დაუდანაშაულებია.


სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებების შემდეგ სომხეთმა დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და გაეროს მიმართა.

ОДКБ-ს სხდომის შემდეგ გადაწყდა, რომ ორგანიზაცია სომხეთში, აზერბაიჯანთან დაძაბულობის ფონზე, გაგზავნის სადამკვირვებლო მისიას, რომელსაც გენერალური მდივანი, სტანისლავ ზასი უხელმძღვანელებს. ჯგუფის დავალება აზერბაიჯანთან კონფლიქტის ზონაში სიტუაციის შეფასება, წევრი ქვეყნების მეთაურებისთვის ანგარიშების მომზადება და დაძაბულობის განმუხტვის წინადადების შემუშავება იქნება. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ 13 სექტემბერს მოსკოვის დროით 09:00-ზე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მათი შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი აღდგა, თუმცა შეტაკებები გაგრძელდა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მათ ბაზებზე სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს დაშქესანის, ქალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით. მათივე მტკიცებით, სომხური დივერსიული ჯგუფები აზერბაიჯანული ბაზების მაკავშირებელ გზებს ნაღმავდნენ. სამინისტრო პროვოკაციაზე, დაპირისპირებასა და დანაკარგებზე სრულ პასუხისმგებლობას სომხეთის სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას აკისრებს.

სომხური მხარის ინფორმაციით, აზერბაიჯანი იყენებდა როგორც არტილერიას, ისე უპილოტო საფრენ აპარატებს.  აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ვარდენისის, გორისის, კაპანისა და ჯერმუკის დასახლებებზე. 

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ სომხეთის შეიარაღებული ძალები 11 სექტემბერს, საზღვარზე, ლაჩინისა და გადაბეის რაიონებში განლაგებულ აზერბაიჯანულ სამხედრო ნაწილებისთვის ცეცხლის გახსნაში დაადანაშაულა. საპასუხოდ, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ აზერბაიჯანს კვლავ დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ მათ შენაერთებს ცეცხლი არ გაუხსნიათ.

მსგავსი ბრალდებები 11 სექტემბრამდე 3-4 სექტემბერსაც გავრცელდა. მაშინ აზერბაიჯანი სომხეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებდა, ერევანი კი უარყოფდა. 6 სექტემბერს კი, სომხურმა მხარემ აზერბაიჯანი ცეცხლის გახსნასა და 1 სამხედროს მოკვლაში დაადანაშაულა, რაც ბაქოში უარყვეს. 

აქამდე, 31 აგვისტოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი სამშვიდობო ფორმატის ფარგლებში შეხვდნენ.


სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვითარება ხელახლა აგვისტოს დასაწყისში დაიძაბა. 3 აგვისტოს აზერბაიჯანმა ლაჩინის მიმართულებით ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის შეიარაღებული დაჯგუფებების წინააღმდეგ "კონტრტერორისტული ოპერაცია" ჩაატარა.

ამავე დღეებში, ვითარების დაძაბვის ფონზე, სეპარატისტულმა ე.წ. მთავრობამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანი ყარაბაღსა და სომხეთს შორის ახალი მარშრუტით გადაადგილების ორგანიზებას მოითხოვდა. 12 აგვისტოს ილჰამ ალიევი ითხოვდა, რომ ლაჩინი, ზაბუჰო და სუსი "უკანონოდ ჩასახლებულ" ხალხს თავისი ნებით დაეტოვებინა და აქ აზერბაიჯანელები დასახლებულიყვნენ.

26 აგვისტოს ილჰამ ალიევმა გამოაცხადა, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა კონტროლი აღადგინეს ქალაქ ლაჩინზე.  ლაჩინის დერეფანი, რომელსაც რუსი სამშვიდობოები აკონტროლებდნენ, სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული რეგიონის ერთადერთ მაკავშირებლად რჩებოდა.  ლაჩინს 1992 წლიდან ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის მთავრობის კონტროლქვეშ იყო.

კომენტარები