ირანი

ირანში 22 წლის ქალი გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც დაკავებისას ირანის მორალის პოლიციამ სცემა

22 წლის ირანელი ქალი, მაჰსა ამინი გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც ირანის მორალის პოლიციამ ის ამ კვირის დასაწყისში დააკავა. ინფორმაციას ირანული გამოცემა Etemad Online-ი გარდაცვლილის ბიძაზე დაყრდნობით ავრცელებს

ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ISNA-ს ცნობით, ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისიმ გარდაცვალების გარემოებების გამოძიების ბრძანება გასცა.

13 სექტემბერს მაჰსა ამინი ოჯახთან ერთად გადაადგილებისას მორალის პოლიციის საპატრულომ - სპეციალურმა განყოფილებამ გააჩერა, რომელსაც ქალების ჩაცმულობის მკაცრი კონტროლი ევალება.

IranWire-ის ცნობით, უფლებადამცველები, რომლებიც ოჯახს ესაუბრნენ, ამბობენ, რომ პოლიციამ ამინი პოლიციის მანქანაში ძალით ჩასვა. თვითმხილველების თქმით, ის ფურგონშიც სცემეს.  

მაჰსა ამინის ოჯახი ამბობს, რომ დაპატიმრებამდე მაჰსას არანაირი ჯანმრთელობის პრობლემა არ აღენიშნებოდა. თუმცა, ოჯახს შეატყობინეს, რომ ამინი დაკავებიდან რამდენიმე საათში კლინიკაში გადაიყვანეს. მათივე თქმით, გარდაცვალებამდე ქალი კომაში იყო.

ირანელი მაღალჩინოსნების თქმით, ამინის ცხედარს აუტოფსია ჩაუტარდა. სახელმწიფო ტელევიზიით საუბრისას ირანის სასამართლო სამედიცინო ორგანიზაციის დირექტორმა, მეჰდი ფოროზეშმა თქვა, რომ შედეგები სამედიცინო ექსპერტების მიერ შემოწმების შემდეგ გამოქვეყნდება.

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი Twitter-ზე წერს, რომ თეთრი სახლი ღრმად შეშფოთებულია ამინის სიკვდილით.

"ამინის ირანის მორალის პოლიციამ სცემა. მისი სიკვდილი უპატიებელია. ჩვენ გავაგრძელებთ ირანელი მაღალჩინოსნების პასუხისგებაში მიცემას ადამიანის უფლებების ასეთი მძიმე დარღვევებისთვის". - წერს სალივანი. 

კომენტარები