ზურა ჯაფარიძე

ჯაფარიძე: ჩემს ტელეგრამზე 379 ადამიანი დარეგისტრირდა, ვინც დაუმორჩილებლობისთვის მზადაა

პარტია გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურა ჯაფარიძის თქმით, ამ დროისთვის მის ტელეგრამ არხზე უკვე რამდენიმე ასეული ადამიანია დარეგისტრირებული, ვინც მზადაა, რომ ქუჩის აქციებში, დაუმორჩილებლობასა და საბოტაჟში მიიღოს მონაწილეობა.

"მე ვაკეთებ ახლა ამას, ცხოვრებაში პირველად ტექნიკური რაღაცებით ვარ დაკავებული, რომ ადამიანები დავაორგანიზო და ახლა, ამ წუთში ჩემს ტელეგრამის არხზე 379 ადამიანია დარეგისტრირებული, რომლებმაც მზაობა გამოთქვეს ქუჩაში გამოსვლაზე, ქუჩაში ხელის შეშლაზე, დაუმორჩილებლობაზე, საბოტაჟსა და ეგეთ რაღაცებზე. მე ვიცი, რომ ეს ხალხი არის ასეთი ხალხი, რომელიც ამისთვის მზადაა. მაქვს ამოცანა, რომ ამ ხალხის რაოდენობა გავზარდო და რამდენიმე ათეული ათასი გავხადო. ვცდილობ, რომ ამ ადამიანებს დღეში ერთხელ მაინც რაღაც ვუთხრა რაღაც თემასთან დაკავშირებით, რადგან ვხედავ, რომ ბევრ რაღაცასთან დაკავშირებით წარმოდგენები ჯერ კიდევ გასასწორებელი გვაქვს". - თქვა ჯაფარიძემ მთავარი არხის ეთერში საუბრისას.

ჯაფარიძემ აგრეთვე ზაფხულში გამართული აქციები შინ ევროპისკენ შეაფასა და ის პრობლემები დაასახელა, რომელიც მან ორგანიზებისა თუ სხვა კუთხით დაინახა.

"ზაფხულში გამართული აქციების: შინ ევროპისკენ დროს ერთი პრობლემა მდგომარეობდა იმაში, რაზეც საჯაროდ  ისაუბრეს მერე თვითონ ორგანიზატორებმაც, რომ რაღაცებზე უბრალოდ ვერ შეთანხმდნენ, მათ შორის, ჩემი დაკვირვებით, ძალიან ბევრი ადამიანი იყო ჩართული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და ამ ქვეყანაში ეგეთი ტიპის პროცესებს როგორც სჩვევია ხოლმე, ვერ შეთანხმდნენ. მათ შორის, რაღაცებზე,  რაზეც შეთანხმდნენ, მეც კრიტიკული დამოკიდებულება მქონდა და ამის შესახებ ვუთხარი, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ამ პროცესზე ლიდერობა მათ ჰქონდათ აღებული და წაიყვანეს ისე, როგორც წაიყვანეს. ეს არის ერთი ნაწილი. მეორე ნაწილი  პოლიტიკოსებსაც ეხება და არა მხოლოდ იმ ხალხს, ვინც ამ პროცესებს ხელმძღვანელობდა. არავის არ ჰქონდა წარმოდგენა, ამდენი ხალხი, ვინც გამოვიდა ქუჩაში, სინამდვილეში რისთვის იყო მზად. ეს ხალხი გაბრაზებული იყო იმაზე, რომ ევროკავშირმა სტატუსი არ მოგვცა, მაგრამ ამის იქით ეს ხალხი რა ნაბიჯების გადადგმაზე იყო მზად, არავის წარმოდგენა არ ჰქონდა". - თქვა ჯაფარიძემ.

11 აგვისტოს, გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც სამოქმედო გეგმაზე ილაპარაკა და თქვა, რომ სექტემბრიდან თანამოაზრეებთან ერთად დროს მთელი ქვეყნის მასშტაბით დაუმორჩილებლობას, პროტესტს, საბოტაჟსა და პარალიზებას დაუთმობს, სანამ რიგგარეშე არჩევნები არ დაინიშნება.

 

კომენტარები