საერთაშორისო კონფერენცია თბილისში

ჩერგოლეიშვილი: ოცნება ბოკერიას პროცესიდან ჩამოშორებას ცდილობს, ამაში ოპოზიციასაც იყენებს

თამარ ჩერგოლეიშვილი

ტაბულას დამფუძნებლისა და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების დირექტორის თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, ხელისუფლება ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას პროცესიდან ჩამოშორებას ცდილობს და ამაში გარკვეულწილად ოპოზიციურ პარტიებსაც იყენებს, რომლებიც სასარგებლო იდიოტების როლს ასრულებენ. ამის შესახებ ჩერგოლეიშვილმა TV პირველის ეთერში ისაუბრა. 

"მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება ბოკერიას პროცესიდან ჩამოშორებას ცდილობს, რადგან ის წარმოადგენს პროცესორს, ერთგვარ ტვინს, რომელსაც აქვს თანმიმდევრულობა და შეუძლია, განსაზღვროს, რა მიიყვანს შედეგამდე, ამაში გარკვეულწილად იყენებენ ოპოზიციურ პარტიებსაც, სასარგებლო იდიოტების როლში ჰყავთ. პაპუაშვილმა აქ მოსვლას თავი აარიდა, რადგან არ უნდა იქ მოსვლა, სადაც მას პასუხები არ აქვს. თავი აარიდა იმიტომ, რომ ერთია, როდესაც უპრინციპო ადამიანი გიზის წინ, რომელიც დაგეთანხმება, რომ მოდი, დეპოლარიზაცია დავიწყოთ, მაშინ როდესაც ჩვენს ხელში არ არის დეპოლარიზაცია". - თქვა ჩერგოლეიშვილმა.

ამასთან, ჩერგოლეიშვილმა აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიზანი დეპოლარიზაციაა და ის ამ პოლიტიკას არალეგალური მეთოდებითა და ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის გამოყენებით ახორციელებს.

"ივანიშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში პირდაპირ გვეუბნება, რომ ჩემი მიზანია დეპოლარიზაცია, შუა უნდა გაიკრიფოს, მას ეშინია შუასი. მე მეშინია ასეთი ხალხისო, ან ჩემსკენ იყავი, ან სააკაშვილისკენ, ან კიდევ გაჩუმდიო. ამ პოლიტიკას არალეგალური მეთოდებითა და ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის გამოყენებით ის ძალიან მიზანმიმართულად ახორციელებს.

აქედან გამომდინარე, როდესაც შენ მე მელაპარაკები იმაზე, რომ მე უნდა მოვახდინო დეპოლარიზაცია, ეს დაახლოებით იმას ჰგავს, პუტინი რომ იძახდა, საბჭოთა კავშირის აღდგენა მინდაო და დასავლეთი ჩვენ მოგვიწოდებდა, საერთო ენა უნდა გამონახოთო. მე ვფიქრობ, რომ საერთაშორისო საზოგადოებას ეს ხშირად ეშლება ხოლმე და ჩვენ მოგვიწოდებენ ერთიანობისკენ და ვფიქრობ, რომ ჩვენ კარგად შევძელით აგვეხსნა, რატომ არის ეს უტოპია. ჩვენ ერთიანობა გვჭირდება, მაგრამ ერთიანობა გვჭირდება ქართველ ხალხთან. ოპოზიციას უამრავი პრობლემა აქვს, ფრაგმენტირებულია, სუსტია, უნებისყოფოა, უამრავი პრობლემა აქვს, მაგრამ ოპოზიციის პრობლემა ნამდვილად არ არის ის, რომ მთავრობასთან დაპირისპირებულია და მასთან საერთო ენას ვერ პოულობს, რადგან ორი ადამიანი სჭირდება ტანგოს ცეკვას, ერთი ვერ იცეკვებს და როცა მეორე ადამიანს სხვა რამის ცეკვა უნდა, შეუძლებელია, რომ ტანგო ეცეკვო მას". - აღნიშნა ჩერგოლეიშვილმა.


გუშინ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციას არ დაესწრება, რადგან "რადიკალიზაციის ნორმალიზებას" ხელს ვერ შეუწყობს.

პაპუაშვილი ამბობს, რომ მნიშველოვანი განხილვაა, თუმცა აღნიშნავს, რომ "საქართველოს პერსპექტივიდან და იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს რადიკალური ჯგუფების ლეგიტიმაცია". 

"აქ არის ერთი ასპექტი, ჩვენ მათ შორის ამ კონფერენციის დაწყებისას ვნახეთ, გაკეთდა კომენტარები, მაგალითად ევროპული საქართველოდან, რომ ეს კვლავ რეჟიმის ცვლილებაზე და პარლამენტის დელიგიტიმაციისკენ არის მიმართული. სამწუხაროდ, ამ კონფერენციაში, მათ შორის ბანერებზე წარმოდგენილი არიან სწორედ ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებსაც რადიკალური დღის წესრიგი აქვთ და მე აღვნიშნე, რომ რადიკალიზაცია არის მთავარი გამოწვევა ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის მხრივ და რა თქმა უნდა, მე პირადად ვერანაირად წავახალისებ და რადიკალიზაციის ნორმალიზებას ხელს ვერ შევუწყობ იმით, რომ მონაწილეობა მივიღო კონფერენციაში, სადაც წარმოდგენილი არიან რადიკალური ჯგუფები".- თქვა პაპუაშვილმა.

კომენტარები