კრიმინალი

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელიც მოქალაქეს სხვისი ვალის გადახდას აიძულებდა – აუდიოჩანაწერი

სამართალდამცველებმა გამოძალვის ბრალდებით თბილისში ერთი პირი - 1982 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ა.ხ. დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავისი ახლობლის დიდი ოდენობით ვალის გადახდა მოსთხოვა მოქალაქე ვ.ჩ.-ს, მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მას სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით დაემუქრა. ვ.ჩ.-მ მოთხოვნილი თანხის ნაწილი ა.ხ.-ს გადასცა. ბრალდებული, ვალის სრულად გადაუხდელობის მოტივით, ტელეფონით რამდენჯერმე დაუკავშირდა ვ.ჩ.-ს და ძალადობის გამოყენების მუქარით, დარჩენილი თანხის გადახდა მოსთხოვა.

პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში განახორციელა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, ასევე, კომპლექსური საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებები, რის შედეგადაც დადასტურდა ა.ხ.-ის მიერ ვ.ჩ-ის მიმართ ჩადენილი უკანონო ქმედებები. სამართალდამცველებმა ა.ხ., საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაზარალებულის მიერ დარჩენილი თანხის გადაცემის შემდეგ, ბრალდებულის სახით დააკავეს" - აცხადებს შსს.

გამოძალვის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის 1-ელი ნაწილით. დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები