ევროპული საქართველო

ბოკერია დეგნანზე თავდასხმაზე: ასე ველური ქვეყნები იქცევიან, მოღალატეობრივი კამპანიაა

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია ქართული ოცნებიდან წასულ ივანიშვილის დეპუტატების ანტიდასავლურ კამპანიას მოღალატეობრივს უწოდებს და ამბობს, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ რას ამბობს პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი მათ საპირწონედ. 

ბოკერიას შეფასებით, როგორც ახლა ივანიშვილის გარემოცვის წევრები ექცევიან აშშ-ში საქართველოს ელჩს, ასე მხოლოდ ველური ქვეყნები იქცევიან. 

"ახლა როგორც ეპყრობიან ამერიკის ელჩს, არ არის მთლად იმ ზღვრამდე მისული, როგორც მაკფოლს ეპყრობოდა რუსეთი, მაგრამ არც ძალიან შორს არ არის ამისგან. ასე საერთოდ ველური ქვეყნები იქცევიან, რომ ელჩი ასე ამოირჩიო. კრიტიკა განა არ შეიძლება, ეგ საერთოდ მეორე უკიდურესობაა, როცა ზოგიერთი ჩვენი ოპოზიციონერი ამბობს ხოლმე, რომ ელჩმა თუ თქვა, ესე იგი ასეა – ასეთი მიდგომა შეერთებული შტატების შეურაცხყოფაა საერთოდ, მთელი არსიც ისაა, რომ იქ დისკუსია არსებობს.

მაგრამ რა კამპანიაც მიმდინარეობს ელჩის მიმართ, ეს დისკუსია არ არის. დაგვცინიან უბრალოდ ქართული ოცნების ლიდერები და ნებისმიერ რამეს იკადრებენ. რა პოლემიკაზეა ლაპარაკი. ღია და პირდაპირ პერსონალური დემონიზება მიდის ელჩის. ამაზე მეტი რა უნდა დააბრალო, სისხლის გუბეები უნდოდათ და ეს რომ ვერ მიიღეს, ახლა სჯიან ხელისუფლებას და გადატრიალებას უწყობენო". – თქვა გიგა ბოკერიამ ფორმულას ეთერში გადაცემა პოლიტმეტრში

ევროპული საქართველოს თავმჯდომარის შეფასებით, წლებია, ეს პროპაგანდა გრძელდება, თუმცა, ახლა უკვე "ეგზოტიკური შრეებიც" აქვს ამ კამპანიას და უკვე ამერიკის აგენტების ძიებაც დაიწყეს. 

"ამას ხომ პერსონალურად ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის წევრები აკეთებენ. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, პროტოკოლისთვის, თუ სქოლიოსთვის რას იტყვის ღარიბაშვილი, არა, არ ვთვლი მტრადო. ჯამში ეს არის ანტიდასავლური, მოღალატეობრივი კამპანია. ამის ყველა ნიშანი აქამდეც იყო, მაგრამ უკრაინაში პუტინის აგრესიამ მოახდინა ამ პროცესის დაჩქარება, ომი კატალიზატორი აღმოჩნდა იმ ყველაფრის, რაც მათ აქამდე დანერგილი ჰქონდათ, რის გამოც აძლიერებდნენ ღიად პუტინისტურ ძალებს, რის გამო ჰყავდათ ისინი ძალადობისთვის ოპონენტების, უმცირესობების, მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ. ამ კითხვებზე მე პასუხი აქამდეც მქონდა, რომ ეს არის იანუკოვიჩის მსგავსი რეჟიმი, მაგრამ ახლა გავდივართ ახალ ფაზაში, ჩვენი ქვეყნისთვის საუბედუროდ ისტორიის ძალიან მნიშვნელოვან მომენტში". – ამბობს გიგა ბოკერია. 


28 ივნისს მმართველი გუნდი სამმა დეპუტატმა, სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ დატოვეს. მოგვიანებით მათ გურამ მაჭარაშვილიც შეუერთდათ. მათი განცხადებით, მთავარი მიზანი იმ გეგმის აღსრულების პრევენციაა, "რომელმაც საქართველო არეულობამდე, ომამდე და რუსულ სამხედრო ოკუპაციამდე უნდა მიიყვანოს". თუმცა, მათივე განმარტებით, "საზოგადოების სიმართლით აღჭურვისთვის" გარკვეულ თემებზე საჯაროდ საუბარი ქართულ ოცნებას უხერხულობას შეუქმნის, ამიტომ პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს. 

დეპუტატებმა ქართული ოცნების დატოვების დღიდან დაიწყეს ანტიდასავლური კამპანია, მათ შორის მათი სამიზნეა საქართველოში აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი, რომელსაც არაერთი წერილი მიუძღვნეს. დეპუტატები ამტკიცებენ, რომ აშშ-ს საელჩო ცდილობს, საქართველოში ომის მეორე ფრონტი გახსნას და რომ საელჩო ხელისუფლების გადასატრიალებლად "ყველაფერს იკადრებს". 

17 აგვისტოს მათ ელჩმა უპასუხა და თქვა, რომ არ არის დარწმუნებული, თუ რამდენად განსხვავდებიან ისინი ქართული ოცნებიდან. 

2 ოქტომბერს კი პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი ოთხეულისგან გამიჯვნას შეეცადა და თქვა, რომ დეგნანის კრიტიკის განვრცობა და გადაჭარბება არ შედის ქვეყნის ინტერესებში. 

კომენტარები