ღორების დაცვის მინიმალური მოთხოვნები

ხბოების შემდეგ, მთავრობამ ღორების დაცვის მინიმალური მოთხოვნებიც დაამტკიცა

nationalgeographic.com

საქართველოს მთავრობამ ღორების დაცვის მინიმალური მოთხოვნებიც დაამტკიცა. ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერილი დადგენილება უკვე გამოქვეყნდა. დოკუმენტი ხბოების დაცვის რეგლამენტის მსგავსად, 2028 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

ღორების დაცვის მინიმალური მოთხოვნები ადგენს დაცვის მინიმალურ სტანდარტებს ღორებისთვის, რომლებსაც "ბაგურად ინახავენ გამოზრდისა და სუქებისთვის". ცნობისთვის, ბაგური მეთოდით გამოზრდისას, საქონელი გარეთ არ გაჰყავთ. მთავრობის შემუშავებული წესი არ ვრცელდება სადგომზე, სადაც 4-ზე ნაკლები ნეზვია.

​​​​​​​დოკუმენტში განსაზღვრულია, რამდენი უნდა იყოს თავისუფალი იატაკის ფართობი სადგომში, როგორი უნდა იყოს იატაკის ზედაპირი და ა.შ. გარდა ამისა:

  • შენობის იმ ნაწილში, სადაც ღორები ინახებიან, თავიდან უნდა იქნეს აცილებული უწყვეტი ხმაურის დონე 86 დბ-მდე. თავიდან უნდა იქნეს აცილებული მუდმივი ან მოულოდნელი ხმაური;
  • ღორები უნდა ინახებოდნენ შუქზე არანაკლებ 40 ლუქსის ინტენსივობით, დღეში, სულ მცირე, რვა საათი;
  • ღორების შესანახი უნდა იყოს აშენებული ისე, რომ ცხოველებს ჰქონდეთ ფიზიკური წვდომა დასაწოლზე და იყვნენ თერმულად კომფორტულად, ასევე ადეკვატურად დრენირებულ და სუფთა ადგილზე, რაც საშუალებას აძლევს ყველა ცხოველს, დაწვნენ ერთდროულად; მათ უნდა ჰქონდეთ დასვენებისა და ნორმალურად ადგომის საშუალება, ასევე, სხვა ღორების დანახვის საშუალება;
  • ღორებს უნდა ჰქონდეთ მუდმივი წვდომა საკმარისი რაოდენობის მასალაზე (როგორიცაა: ჩალა, თივა, ხე, ნახერხი, სოკოს კომპოსტი, ტორფი ან მათი ნაზავი, რომელიც არ აყენებს ზიანს  ცხოველთა ჯანმრთელობას), რათა უზრუნველყოფილ იქნეს სათანადო ძიებისა და მანიპულაციებთან დაკავშირებული აქტივობები;
  • იატაკი უნდა იყოს გლუვი, მაგრამ არა მოლიპული, რათა თავიდან იქნეს აცილებული ღორების დაზიანება და დაგეგმარებული, აშენებული და შენახული/მოვლილი ისე, რომ არ გამოიწვიოს ღორების დაზიანება ან ტანჯვა. იატაკი უნდა შეესაბამებოდეს ღორების ზომასა და წონას და თუ ქვეშსაგები არ არის, უნდა იყოს მყარი, თანაბარი და ურყევი ზედაპირი;
  • ყველა ღორი უნდა იკვებებოდეს დღეში ერთხელ მაინც. სადაც ღორები იკვებებიან კოლტად და არა შეუზღუდავად ან ავტომატური სისტემით, რომელიც ცხოველებს ინდივიდუალურად კვებავს, თითოეულ ღორს უნდა ჰქონდეს წვდომა საკვებზე ერთდროულად, როგორც კოლტის დანარჩენ ღორებს;
  • ორ კვირაზე მეტი ასაკის ყველა ღორს უნდა ჰქონდეს მუდმივი წვდომა საკმარისი რაოდენობის მტკნარ წყალზე;
  • ყველა პროცედურა, რომელიც მიზნად ისახავს ჩარევას (რომელიც განხორციელდება თერაპიული ან დიაგნოსტიკური მიზნების გარდა ან ღორების იდენტიფიკაციისთვის შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით) და იწვევს სხეულის მგრძნობიარე ნაწილის დაზიანებას ან დაკარგვას ან ძვლის სტრუქტურის შეცვლას, აკრძალულია, გარდა შემდეგი პროცედურებისა: ა) ძუძუთა გოჭის კუთხოვანა კბილების ერთგვაროვანი შემცირება ზედაპირის მოხერხვით/გაპრიალებით ან მოჭრით არაუგვიანეს მისი სიცოცხლის მეშვიდე დღისა, იმ პირობით, რომ მას დარჩება კბილი დაუზიანებელი (ჯანმრთელი) გლუვი ზედაპირით; კერატი მწარმოებლის ეშვი, საჭიროებისას, შეიძლება, შემცირდეს სიგრძეში, სხვა ცხოველების დაზიანებების თავიდან ასაცილებლად ან უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიზეზების გამო; ბ) კუდის მთლიანი ან ნაწილობრივი მოშორება; გ) მამრი ღორის კასტრაცია ქსოვილების მოწყვეტის გარდა სხვა საშუალებებით; დ) ცხვირის ზარის ტარება მხოლოდ მაშინ, როდესაც ცხოველები ინახებიან მეღორეობის გარე შენახვის სისტემაში და შესაბამისობაშია  კანონმდებლობასთან.
  • დაუშვებელია კუდის ფიქსაციისა და კუთხოვანა კბილების შემცირების რუტინული განხორციელება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს მტკიცებულება, რომ დაზიანებები აქვს ნეზვის ძუძუს ან სხვა ღორის ყურებს ან კუდს. ამ პროცედურების ჩატარებამდე უნდა იქნეს მიღებული სხვა ზომები კუდის დაკბენისა და სხვა მანკიერებების თავიდან ასაცილებლად, გარემოსა და კოლტის სიმჭიდროვის გათვალისწინებით. ამ მიზეზით უნდა შეიცვალოს არაადეკვატური გარემო პირობები ან მართვის სისტემები.

სპეციალური მოთხოვნები სხვადასხვა კატეგორიის ღორებისთვის:

1. კერატი მწარმოებელი:

ა) კერატი მწარმოებლის ბაკი უნდა იყოს განთავსებული და აგებული ისე, რომ ღორს შეეძლოს შემობრუნება და ესმოდეს, ყნოსავდეს (გრძნობდეს სუნს) და ხედავდეს სხვა ღორებს. ზრდასრული კერატი მწარმოებლისთვის ხელმისაწვდომი თავისუფალი ფართობი უნდა იყოს, სულ მცირე, 6 მ​2;

ბ)  ბაკის, რომელიც ასევე გამოიყენება ბუნებრივი მომსახურებისთვის ზრდასრული კერატი მწარმოებლისათვის, ხელმისაწვდომი იატაკის ფართობი უნდა იყოს არანაკლებ 10 მ​2-ისა და ბაკი თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი დაბრკოლებისგან.

2.  ნეზვი და სანეზვე ბურვაკი:

ა)  მიღებულ უნდა იქნეს ზომები კოლტში აგრესიის შესამცირებლად;

ბ)  მაკე ნეზვი და სანეზვე ბურვაკი, საჭიროების შემთხვევაში, უნდა დამუშავდნენ გარე და შიდა პარაზიტების წინააღმდეგ. თუ ისინი მოთავსებული არიან მშობიარობისთვის განკუთვნილ სათავსში, მაკე ნეზვი და სანეზვე ბურვაკი კარგად უნდა გასუფთავდნენ;

გ)  მშობიარობის მოსალოდნელ დრომდე ერთი კვირით ადრე ნეზვსა და სანეზვე ბურვაკს უნდა მიეცეთ სათანადო საკმარისი რაოდენობის მასალა ბუდისთვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ტექნიკურად არ არის შესაძლებელი ნაკელის/წუნწუხის გამწმენდი გამოყენებული სისტემის გამო;

დ)  ნეზვის ან სანეზვე ბურვაკის უკან ხელმისაწვდომი უნდა იყოს თავისუფალი ადგილი/სივრცე ბუნებრივი ან გართულებული  მშობიარობის შესამსუბუქებლად;

ე) მშობიარობისათვის განკუთვნილ ბაკში, სადაც ნეზვს ინახავენ, თავისუფლად უნდა იყოს ძუძუთა გოჭების დაცვისათვის გარკვეული საშუალებები, როგორიც არის მოაჯირი/ღობე.

3.  ძუძუთა გოჭები:

ა) მთლიანი იატაკის ნაწილი, რომელიც საკმარისია იმისთვის, რომ ცხოველებმა ერთდროულად დაისვენონ, უნდა იყოს მყარი ან დაფარული ქვეშსაგებით ან დაფარული უნდა იყოს ჩალით ან სხვა შესაფერისი მასალით;

ბ) მშობიარობისათვის სადაც გამოიყენება გალია, ძუძუთა გოჭებს უნდა ჰქონდეთ საკმარისი ადგილი იმისათვის, რომ შეძლონ ძუძუთი კვება უპრობლემოდ;

გ) დაუშვებელია 28 დღეზე ნაკლები ასაკის გოჭების ძუძუდან ასხლეტა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეიძლება, ადგილი ჰქონდეს უარყოფით ზემოქმედებას დედის ან ძუძუთა გოჭის კეთილდღეობაზე ან ჯანმრთელობაზე, თუმცა, დასაშვებია შვიდი დღით ადრე გოჭების ძუძუდან ასხლეტა, თუ ისინი გადაყვანილნი იქნებიან სპეციალიზებულ საცხოვრებლებში, რომლებიც დაიცალა და კარგად დასუფთავდა და ჩაუტარდა დეზინფექცია ახალი კოლტის შეყვანამდე და რომლებიც განცალკევებულია იმ სათავსებიდან, სადაც ნეზვები ინახებიან, რათა მინიმუმამდე იქნეს შემცირებული დაავადებების გადაცემა ძუძუთა გოჭებზე.

4.  მაწოვარა და გამოსაზრდელი ღორი:

ა) როდესაც ღორები კოლტად ინახებიან, მიღებულ უნდა იქნეს ზომები ჩხუბის, რომელიც სცილდება ნორმალურ ქცევას, თავიდან ასაცილებლად;

ბ) ისინი უნდა ინახებოდნენ კოლტებად, რაც შეიძლება ნაკლები შერევით. თუ ღორები, რომლებიც ერთმანეთს არ ცნობენ, უნდა იყვნენ შერეული, ეს უნდა გაკეთდეს რაც შეიძლება ახალგაზრდა ასაკში, სასურველია წოვებამდე ან წოვებიდან ერთი კვირის შემდეგ. როდესაც ღორები შერეული არიან, მათ უნდა ჰქონდეთ ადეკვატური შესაძლებლობები გაქცევისა და სხვა ღორებისგან დამალვისთვის;

გ) როდესაც სასტიკი ბრძოლის ნიშნები შეინიშნება, მიზეზები დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გამოკვლეული და შესაბამისი ზომები უნდა იქნეს მიღებული გამოკვლევისათვის, როგორიცაა, ცხოველებისთვის უხვი ჩალის მიწოდება, თუ ეს შესაძლებელია ან სხვა მასალების. რისკის ქვეშ მყოფი ან განსაკუთრებით აგრესიული ცხოველები უნდა ინახებოდნენ კოლტისგან განცალკევებით;

დ) შერევის გასაადვილებლად დამამშვიდებლის/ტრანკვილიზატორების გამოყენება უნდა მოხდეს განსაკუთრებულ პირობებში და მხოლოდ ვეტერინართან კონსულტაციის შემდეგ.


საქართველოს მთავრობამ ხბოს დაცვის რეგლამენტი 30 აგვისტოს დაამტკიცა. დოკუმენტში წერია, რა პირობებში უნდა ჰყავდეთ ფერმერებს ხბოები - როგორ უნდა იყოს მოწყობილი სადგომი და როგორ უნდა დასუფთავდეს ის, რა აღჭურვილობაა საჭირო ხბოების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის, რა პირობები სჭირდებათ ქცევითი და ფიზიოლოგიური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, ასევე, როგორ უნდა იკვებებოდნენ ისინი და ა.შ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ვროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში, საქართველოს მხარეს აღებული აქვს ვალდებულება, ეროვნული კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობას დაუახლოოს. უწყების განმარტებით, 2008 წლის 18 დეკემბრის  ევროსაბჭოს 2008/120/EC  დირექტივის შესაბამისად უკვე მომზადებულია ღორების დაცვის მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტი, ხოლო 2007 წლის 28 ივნისის ევროსაბჭოს 2007/43/EC დირექტივის შესაბამისად დაგეგმილია საკანონმდებლო დაახლოება, რომელიც ითვალისწინებს მეხორცული ჯიშის ქათმების დაცვის მინიმალურ წესებს.

"აღნიშნული რეგულაციების მიღება ერთ-ერთი ძირითადი წინაპირობაა იმისათვის, რომ ქართველი ფერმერებისთვის სამომავლოდ შესაძლებელი გახდეს ევროკავშირის ბაზარზე ცხოველური წარმოშობის სურსათის გატანა" - აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტო.

კომენტარები