ხბოების დაცვის რეგლამენტი

რეგლამენტი ეხება ინდუსტრიულ წარმოებას და არა საოჯახო ფერმებს – სურსათის სააგენტო ხბოებზე

ხბოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი 2028 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ვასილ ბასილაძემ საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ დოკუმენტი ეხება ინდუსტრიულ წარმოებას და არა საოჯახო ფერმებს.

"ეს არის ერთგვარი რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც, ფერმერებმა უნდა მოაწყონ ცხოველების შენახვის პირობები იმგვარად, რომ მოხდეს მისი პრდუქტიულობის გაზრდა. დადგენილება ითვალისწინებს ინდუსტრიულ ფერმებს და არა საოჯახო წარმოების ფერმებს. ინდუსტრიულ ფერმებზეა საუბარი, სადაც დიდი რაოდენობით ცხოველია. დოკუმენტი ეხება ინდუსტრიულ ფერმებში ცხოველების შენახვის წესის გაუმჯობესებას, რათა მოხდეს პროდუქტიულობის გაზრდა და უვნებელი სურსათის წარმოება" - ამბობს სეს-ის უფროსის მოადგილე და აღნიშნავს, რომ ხბოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცება "გარკვეული მედიასაშუალებების მიერ სრულიად არაადეკვატურად იქნა აღქმული და გააზრებული". მისივე შეფასებით, ეს საზოგადოებაში "ევროკავშირთან დაახლოების მიზნით მიმდინარე უმნიშვნელოვანეს საქმიანობას ჩრდილს აყენებს და ნეგატიური განწყობის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს".

საქართველოს მთავრობამ ხბოს დაცვის რეგლამენტი 30 აგვისტოს დაამტკიცა. დოკუმენტში წერია, რა პირობებში უნდა ჰყავდეთ ფერმერებს ხბოები - როგორ უნდა იყოს მოწყობილი სადგომი და როგორ უნდა დასუფთავდეს ის, რა აღჭურვილობაა საჭირო ხბოების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის, რა პირობები სჭირდებათ ქცევითი და ფიზიოლოგიური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, ასევე, როგორ უნდა იკვებებოდნენ ისინი და ა.შ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ვროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში, საქართველოს მხარეს აღებული აქვს ვალდებულება, ეროვნული კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობას დაუახლოოს. უწყების განმარტებით, 2008 წლის 18 დეკემბრის  ევროსაბჭოს 2008/120/EC  დირექტივის შესაბამისად უკვე მომზადებულია ღორების დაცვის მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტი, ხოლო 2007 წლის 28 ივნისის ევროსაბჭოს 2007/43/EC დირექტივის შესაბამისად დაგეგმილია საკანონმდებლო დაახლოება, რომელიც ითვალისწინებს მეხორცული ჯიშის ქათმების დაცვის მინიმალურ წესებს.

"აღნიშნული რეგულაციების მიღება ერთ-ერთი ძირითადი წინაპირობაა იმისათვის, რომ ქართველი ფერმერებისთვის სამომავლოდ შესაძლებელი გახდეს ევროკავშირის ბაზარზე ცხოველური წარმოშობის სურსათის გატანა" - აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტო.

კომენტარები