პოლიციის უფლებამოსილების გადამეტება

დაკავებულების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე 2 სამართალდამცავი დააკავეს

shutterstock

დაკავებული პირების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე ორი სამართალდამცავი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

"სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჩატარებული გამოძიების შედეგად, დაკავებული პირების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტები გამოავლინა, რის შედეგადაც, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ბრალდებით, დაკავებული იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი". - წერია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 15 იანვარს, ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი მოქალაქე გ.მ. დააკავეს. შემდეგ ეს პირი ზესტაფონის რაიონული სამმართველოს შენობაში გადაიყვანეს, სადაც ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ამ მოქალაქეს სახის არეში ხელი დაარტყა.

რაც შეხება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის დაკავების ფაქტს, გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 31 ივლისს, ბათუმში წვრილმანი ხულიგნობისა და დაუმორჩილებლობისთვის, ადმინისტრაციული წესით ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქე გ.გ. დააკავეს. პატრულ-ინსპექტორმა დაკავებული პირი საპატრულო პოლიციის ავტომანქანის უკანა სალონში ჩასვა და თავად მარჯვენა მხრიდან დაუჯდა გვერდზე. დაკავებული პირის წინააღმდეგობის აღკვეთის მიზნით, პატრულ-ინსპექტორმა მას სხეულის სხვადასხვა არეში ხელების დარტყმითა და ხელბორკილის თავში ჩარტყმით ფიზიკური დაზიანება მიაყენა.

"სპეციალური საგამოძიებო სამსახური აღნიშნულ საქმეებზე გამოძიებას აგრძელებს, ორივე სამართალდამცავი დაკავებული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება-ძალადობით), რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს". - წერია განცხადებაში.

კომენტარები