პოლიციის უფლებამოსილების გადამეტება

დაკავებულზე ფიზიკური ძალადობისთვის ბრალდებული პოლიციელი გირაოთი გაათავისუფლეს

დაკავებულზე ფიზიკური ძალადობისთვის ბრალდებულ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს ერთ-ერთ პატრულ-ინსპექტორს სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. პროკურატურა მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. ბრალდების მხარემ მოსამართლის ეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 31 ივლისს, ბათუმში წვრილმანი ხულიგნობისა და დაუმორჩილებლობისთვის, ადმინისტრაციული წესით ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქე გ.გ. დააკავეს. აღნიშნულმა პატრულ-ინსპექტორმა კი დაკავებული პირი საპატრულო პოლიციის ავტომანქანის უკანა სალონში ჩასვა და თავად მარჯვენა მხრიდან დაუჯდა გვერდზე. დაკავებული პირის წინააღმდეგობის აღკვეთის მიზნით, პატრულ-ინსპექტორმა მას სხეულის სხვადასხვა არეში ხელების დარტყმითა და ხელბორკილის თავში ჩარტყმით ფიზიკური დაზიანება მიაყენა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებული 27 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის ცნობით, საქმეზე გამოძიება გრძელდება.

კომენტარები