ერაყი

ერაყში შიიტების პოლიტიკური ჯგუფების დაპირისპირებას 20 ადამიანი ემსხვერპლა

ალ-სადრის მხარდამჭერები ერაყის მთავრობის სასახლის ეზოში

29 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც ერაყში შიიტმა სასულიერო პირმა, მუკთადა ალ-სადრმა გამოაცხადა, რომ პოლიტიკიდან წავიდოდა, ერთი მხრივ მის მხარდამჭერებსა და მეორე მხრივ სამთავრობო ძალებსა და ირანის მხარდაჭერილ ჯგუფებს შორის დაპირისპირება მოხდა, რასაც, მინიმუმ, 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

მას შემდეგ, რაც ალ-სადრის გადაწყვეტილებას მისი მხარდამჭერი დემონსტრანტების მთავრობის სასახლეში შეჭრა, საარტილერიო ცეცხლის გახსნა და ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა მოჰყვა, ერაყის სამხედროებმა მთელ ქვეყანაში კომენდანტის საათი გამოაცხადეს.

ალ-სადრის მხარდამჭერმა დემონსტრანტებმა მთავრობის სასახლის გარშემო მდებარე ბეტონის ბარიერები თოკების დახმარებით ჩამოანგრიეს და სასახლის კარიბჭემდე მივიდნენ, შემდეგ კი შენობაში შევიდნენ.

მთავრობის სასახლეში შეჭრის შემდეგ, ღამე ალ-სადრის მხარდამჭერ შეიარაღებულ ჯგუფებსა და ირანის მხარდაჭერილ სახალხო მობილიზაციის ძალებს (PMF) შორის მწვანე ზონაში შეტაკება მოხდა. მედიის ინფორმაციით, დაიჭრა, მინიმუმ, ერთი ქალი. გაისმა საარტილერიო ცეცხლის ხმაც. 

ცენტრალურ ბაღდადში ისმოდა ტყვიამფრქვევების ხმა.

PMF-ი არის ერაყის მთავრობის მიერ სანქცირებული რამდენიმე გასამხედროებული ჯგუფისგან შემდგარი დაჯგუფება, რომელიც ალ-სადრის მოწინააღმდეგე ირანის მხარდაჭერილ პოლიტიკურ ბანაკში ყველაზე ძლიერია.

უსაფრთხოების უწყების წარმომადგენლების თქმით, დაპირისპირებულებმა გამოიყენეს ქვემეხები და ყუმბარმტყორცნები.

ალ-სადრთან დაკავშირებული დაჯგუფების, სარაია სალამის ერთ-ერთმა მეთაურმა თქვა, რომ ისინი ტაჰრირის მოედანზე დემონსტრანტების დასაცავად შეიკრიბნენ.

ალ-სადრმა შიმშილობა გამოაცხადა მანამ, სანამ დემონსტრანტების ძალადობა და იარაღის გამოყენება არ შეწყდება.

აქამდე, ივლისში ალ-სადრის მხარდამჭერები ერაყის პარლამენტში შეიჭრნენ, რათა ირანის მხარდაჭერილი პარტიებისთვის მთავრობის ფორმირებაში ხელი შეეშალათ.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ალ-სადრი პოლიტიკიდან წასვლას აანონსებს.

მას შემდეგ, რაც გასული წლის ოქტომბერში ალ-სადრის პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მეტი ადგილი მოიპოვა, თუმცა არა იმდენი, რომ მთავრობის უმრავლესობის უზრუნველყოფა შეძლებოდა, ერაყის მთავრობა ჩიხშია შესული. მან უარი თქვა ირანის მხარდაჭერილ შიიტ მოწინააღმდეგეებთან მოლაპარაკებებზე. ამას ერაყში შიიტებს შორის განხეთქილება მოჰყვა.

ალ-სადრის მხარდამჭერთა უმრავლესობა არიან ერაყის ღარიბი რაიონებიდან, რომლებიც ისტორიულად პოლიტიკურ სისტემაში როლს ვერ ასრულებდნენ. მხარდამჭერთა დიდი ნაწილი ალ-სადრის მამის მიმდევრები იყვნენ. ისინი მოითხოვენ პარლამენტის დაშლასა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას, რომელშიც ირანის მხარდაჭერილი შიიტური ჯგუფები მონაწილეობას არ მიიღებენ.

ერაყში სადამ ჰუსეინის მმართველობის დროს შიიტები მუდმივი ჩაგვრის ქვეშ, ხოლო სუნიტები პრივირეგირებულები იყვნენ, როგორც პოლიტიკურად, ისე სოციალურად. პოლიტიკური სურათი ერაყში აშშ-ს შეჭრისა და სადამ ჰუსეინის რეჟიმის განადგურების შემდეგ შეიცვალა.

კომენტარები