ერაყი

ბაღდადელმა პატრიარქმა ქალაქი დატოვა, ერაყში ქრისტიანების შევიწროვება გრძელდება

ერაყი

ბაღდადელმა პატრიარქმა ქალაქი დატოვა, ერაყში ქრისტიანების შევიწროვება გრძელდება

13 ივლისს ერაყის პრეზიდენტმა აბდულ ლატიფ რაშიდმა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო - ბაღდადის ქალდეური კათოლიკე ეკლესიის პატრიარქს ლუის რაფაელ საკოს ქრისტიანული აქტივების ადმინისტრირების უფლება წაართვა, რომელიც მას ათი წლის წინ მისცეს. ეს ნაბიჯი ცხადს ხდის, რომ ერაყში ძალაუფლების მქონე ძირითადი ჯგუფები ბაღდადელი პატრიარქის და ქალდეური ეკლესიის მუდმივ შევიწროებას ცდილობენ, რის უკანაც მრავალშრიან ვიწრო ინტერესებთან ერთად ირანის ისლამური რესპუბლიკის გრძელვადიანი გეოპოლიტიკური სტრატეგიაა.

ერაყის მიწაზე ათწლეულებია საომარი მდგომარეობაა და აქ ომიც გაცილებით უფრო ბუნდოვანი და კომპლექსურია, ვიდრე სხვაგან. რა სოციალური და დემოგრაფიული სტრუქტურებია და ზოგადად, ზუსტად რა ხდება ერაყში დღეს ერთ-ერთ ყველაზე რთულ კითხვებს წარმოადგენს. 

ამ ქვეყნის კვლევისა და აღწერის სირთულე მათ შორის იქიდანაც გამომდინარეობს, რომ 2003 წლის შემდგომ ერაყში სრულფასოვანი და მასშტაბური სოციოლოგიური კვლევა არ ჩატარებულა, რაც საშუალებას მოგვცემდა დაახლოებით მაინც განგვესაზღვრა ერაყის მოსახლეობის სოციალური, ეთნიკური და რელიგიური განაწილებები. აღნიშნული მონაცემები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის ფონზე, რომ ბოლო 20 წლის მანძილზე ერაყში მრავალი განსხვავებული კრიზისული პოლიტიკური სიტუაცია შეიქმნა: ამერიკის ინტერვენცია 2003 წელს და ერაყის ომი 2003-2011 წლებში, მეზობელ სირიაში დაწყებული სამოქალაქო ომი, 2014-2016 წლებში, ISIS-ის გაძლიერება ერაყის ტერიტორიაზე, 2017 წლიდან ერაყსა და ერაყელ ქურთებს შორის დაწყებული სამხედრო კონფლიქტი.

კიდევ უფრო ბუნდოვანი და ბევრისთვის, შესაძლოა, მოულოდნელი ერაყში უძველესი ქრისტიანული საზოგადოების დღემდე არსებობაა, რომელიც დიდ გავლენას ახდენს ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებზე. 2023 წლის ზაფხულში ერაყის ქალდეური კათოლიკე ეკლესიის პატრიარქ ლუის რაფაელ საკოსთვის ადმინისტრირების უფლების შეზღუდვა და ბაღდადში მტრული გარემოს შექმნა მრავალშრიანი პოლიტიკური პროცესის ერთი ნაწილია. ზოგადად, ერაყში, ისევე, როგორც ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში, რელიგია გადახლართულია პოლიტიკურ პროცესებთან და რელიგიური ჯგუფები ფაქტობრივად პოლიტიკური აქტორები არიან. ეს წესი ვრცელდება ახლო აღმოსავლეთის ქრისტიანულ თემებზეც, მათ შორის, ერაყის ქალდეურ ეკლესიაზე, რომელიც ერაყში და რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად არის ჩართული. შესაბამისად, ერთი შეხედვით სიმბოლური რელიგიური ბრძანებები და დეკრეტები, დიდი და რეზონანსული პოლიტიკური გავლენის მატარებელია. 

ერაყელი ქრისტიანები აღმართავენ ჯვარს კარაკოშის რაიონში
AP

სახელმწიფო დეკრეტი N31

პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომლითაც ის ერაყის ქალდეური კათოლიკე ეკლესიის პატრიარქს ეკლესიის ფონდების მართვის უფლებას ართმევს მრავალწლიანი კონფრონტაციის ბოლო გამოვლინებაა, რომელიც ერთი მხრივ, პატრიარქ საკოსა და ერაყის ქალდეურ ეკლესიას, ხოლო მეორე მხრივ, პროირანულ ქრისტიანულ ჯგუფს - ბაბილონის მოძრაობასა და ერაყის პრეზიდენტ რაშიდს შორის წლებია მიმდინარეობს. ქალდეური ეკლესიის პატრიარქი საკო იძულებული იყო დაეტოვებინა ბაღდადი და ერაყის ქურთისტანის რეგიონში, ქალაქ ერბილში გადასულიყო. 

პატრიარქი ლუის რაფაელ საკო
© Mazur/cbcew.org.uk.

2023 წლის ივლისამდე ბაღდადელმა პატრიარქმა საპატრიარქო ბოლოს 1259 წელს მონღოლების შემოსევის გამო დატოვა. წერილში, რომელიც კარდინალმა საკომ აღნიშნული დეკრეტის გაუქმების შემდეგ პაპი ფრანცისკეს ფონდს გაუგზავნა წერია, რომ ერაყის პრეზიდენტის ნაბიჯი მის წინააღმდეგ წარმოებული “მიზანმიმართული და დამამცირებელი” კამპანიის ნაწილია. ერაყის ქალდეური კათოლიკე ეკლესია და კარდინალი საკო ადამიანის უფლებების დარღვევებს აქტიურად გამოთქვამენ პროტესტს და უპირისპირდებიან ერაყის მთავრობისა და პროირანული ძალების, მათ შორის, ბაბილონის მოძრაობის კოალიციას.

პატრიარქი საკო პრეზიდენტ რაშიდის გადაწყვეტილებას პოლიტიკური ცხოვრების მასშტაბური სურათის ერთ ნაწილად აღიქვამს. 

“ამ პოლიტიკოსებს ჩემი გაჩუმება სურთ, მათ უნდათ რომ აღარ ვისაუბრო ადამიანის უფლებებისა და პიროვნების ღირსების შესახებ” - თქვა კათოლიკე პირველიერარქმა. 

ბაბილონის მოძრაობა, პროირანული სამხედრო ორგანიზაციის ბაბილონის ბრიგადების პოლიტიკური ფრთაა, რომლის ლიდერი ქრისტიანი რეიან ალ-კილდანია. ალ-კილდანისა და კარდინალ საკოს შორის დაპირისპირება არა მხოლოდ ერაყის ქალდეურ ეკლესიას შეეხება, არამედ ასახავს ერაყსა და რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ დინამიკას. ერაყელი მკვლევრები და აქტივისტები პრეზიდენტ რაშიდის ნაბიჯს სწორედ ბაბილონის მოძრაობის მხარდაჭერად აღიქვამენ, რათა პრო-ირანულმა ბაბილონის მოძრაობამ ერაყის ქრისტიანულ თემში ძალაუფლების ცენტრალიზება შეძლოს.

ქრისტიანების ადგილი ერაყში 

2003 წლის მონაცემებით (ოცი წელია ერაყში სხვა მასშტაბური კვლევა არ ჩატარებულა) ერაყში ქრისტიანთა წილი მოსახლეობის 5%-ს შეადგენდა, მათი 80% კი ქალდეურ კათოლიკე ეკლესიას მიაკუთვნებდა თავს. ერაყში ქრისტიანები ძირითადად ბაღდადში, ერბილში, კირკუკში, მოსულში და ნინევიის პროვინციაში იყვნენ, შესაბამისასდ, ქონება და მატერიალური აქტივები, რაც ქრისტიანთა მასობრივი ემიგრაციის შემდეგ ერაყში დარჩა, ძირითადად ამ ტერიტორიებზე მდებარეობს. 

ქალდეური ეკლესია უძველესი სირიული ქრისტიანული ეკლესიის ნაწილია. სირიის ქრისტიანულმა თემმა რომის ეკლესიასთან ევქარისტიული კავშირი ხუთი საუკუნის წინ დაამყარა და პაპის პრიმატი ცნო, იმგვარად, რომ ლიტურგიული წეს-ჩვეულებები და წოდებები შეინარჩუნა. ბაღდადის პატრიარქს ქალდეური კათოლიკე ეკლესიის სინოდი ირჩევს, რომელსაც უზენაესი პონტიფექსი ფორმალურად ამტკიცებს. 

საპრეზიდენტო დეკრეტი არჩეულ პატრიარქს ქრისტიანული თემის აქტივებზე ადმინისტრირების უფლებებს ანიჭებს. ამ სამართლებრივ ასპექტზე აპელირებით, ერაყის პრეზიდენტმა რაშიდმა თქვა, რომ მის მიერ დეკრეტის გაუქმება ვერ შეცვლის კარდინალ საკოს პატრიარქობას, მან მხოლოდ 2013 წლის დეკრეტის სამართლებრივი ხარვეზი გამოასწორა. საკო პატრიარქი იქნება, უბრალოდ მას ხელი აღარ მიუწვდება საპატრიარქო ქონებაზე. 

ერაყის პრეზიდენტი აბდულ ლატიფ რაშიდი
Halkawt Aziz/Rudaw

მრავალფეროვანი რელიგიური, ეთნიკური და ტომობრივი განაწილების გამო, ერაყის სახელმწიფო მოწყობა და საარჩევნო სისტემა აგებულია სწორედ ამ განსხვავებებზე. ერაყის საარჩევნო სისტემა მნიშვნელოვნადაა გადაჯაჭვული ქვეყნის მოსახლეობის რელიგიურ გადანაწილებასთან - ერაყის პარლამენტში ადგილები დარეზერვებულია კონკრეტული რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლებისთვის. ერაყის საარჩევნო სისტემის მიხედვით, პარლამენტში ხუთი ადგილი გამოყოფილია ქრისტიანებისთვის, თუმცა Chatham House-ის 2021 წლის ანგარიშში წერია, რომ ბაბილონის მოძრაობის მხრიდან ხმისმიმცემთა ნაწილი რეალურად შიიტი მუსლიმი იყო და მათ განსაზღვრეს თუ რომელი ქრისტიანული ფრთა იქნებოდა წარმოდგენილი ერაყის პარლამენტში. ამ სისტემის კრიტიკოსები ფიქრობენ, რომ მსგავსი სისტემა საშუალებას აძლევს დიდ რელიგიურ და ეთნიკურ ჯგუფებს განსაზღვრონ რელიგიური უმცირესობების პოლიტიკა და შეზღუდონ მათი წარმომადგენლობა ერაყის საკანონმდებლო ორგანოში. 

ბოლო არჩევნების შედეგების მიხედვით, ქრისტიანებისთვის განკუთვნილი 5 ადგილიდან 4 მიიღეს კანდიდატებმა ბაბილონის მოძრაობიდან, რომელიც პროირანული, ქალდეურ ეკლესიასთან დაპირისპირებული ჯგუფია. ქრისტიანულ სეგმენტში ბაბილონის მოძრაობის გაძლიერება საფრთხეა ქალდეური კათოლიკე ეკლესიისთვის. ბაბილონის მოძრაობა ეკლესიისგან დამოუკიდებელი ქრისტიანული ბლოკია, რომელიც ღიად აცხადებს საკუთარ პრეტენზიებს ქრისტიანული თემის აქტივების მართვასთან დაკავშირებით და ირანის ინტერესების გამტარებელია ერაყში.

ბოლო არჩევნების საეჭვო შედეგების საპასუხოდ შვიდმა ერაყულმა ქრისტიანულმა პარტიამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა - ისინი ითხოვდნენ პარლამენტში ქრისტიანებისთვის გამოყოფილი ხუთი ადგილის დროებით ანულირებას, რათა ისინი ბაბილონის მოძრაობის წევრებს არ დაეკავებინათ. 

“ქრისტიანთა 90% ერბილის, დუჰოკის, კირკუკის ოლქებში და ნინევიის დაბლობზე არიან დასახლებული. არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით კი ხუთი გამოყოფილი ადგილიდან ოთხი ბაბილონის მოძრაობის წევრებს ერგოთ, რომლებიც მხოლოდ ნინევიას აკონტროლებენ. ეს შედეგები იმას ნიშნავს, რომ ერაყში ქრისტიანი ხალხის ბედი ერთი პარტიის ხელშია” - წერია განცხადებაში

პატრიარქი ლუის რაფაელ საკო და პაპი ფრანცისკე 
CNS  Phtoo/Vatican Media

იქიდან გამომდინარე, რომ ერაყის პრეზიდენტის მიერ გაუქმებული დეკრეტი N31 კარდინალ საკოს ქრისტიანული თემის აქტივების განკარგვის უფლებას უზღუდავს, მნიშვნელოვანია ქრისტიანთა წილის, მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის და აქტივების მასშტაბის განსაზღვრა. ერაყის ომის და  2014-2016 წლებში ISIS-ის გააქტიურების ფონზე ერაყი მრავალმა ქრისტიანმა დატოვა და დასავლეთს შეაფარა თავი. ქრისტიანთა მიგრაციის მზარდი ტენდენციის ფონზე მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და მატერიალური აქტივები ერაყში, ფაქტობრივად სრულად უკონტროლო და დაუცველი დარჩა. 2013 წლის საპრეზიდენტო დეკრეტის მიხედვით აქტივების განკარგვა ქალდეურ ეკლესიას, შესაბამისად, მის ლიდერს შეეძლო. ერაყის კონსტიტუციის მიხედვით, ეკლესიებს აქვთ უფლება დამოუკიდებლად განკარგონ მათ ფონდებზე. 2023 წლის ივლისში პრეზიდენტ რაშიდის მიერ დეკრეტის გაუქმება სწორედ ქრისტიანული თემის აქტივებზე ადმინისტრირების უფლებას უზღუდავს ბაღდადიდან წასულ პატრიარქს. ქრისტიანთა უფლებების ერაყელი აქტივისტი, დია ბუტრუს სლევას თქმით, “ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური მანევრია იმის ხელში ჩასაგდებად, რაც ქრისტიანებს ერაყში დარჩათ”. 

ერბილის არქიეპისკოპოსმა ბაშარმა ალ-მონიტორთან ინტერვიუში თქვა, რომ ასირიული და ძველი ასირიული ეკლესიების პატრიარქებმა მსგავსი დეკრეტის მიღება პრეზიდენტ რაშიდისგან წელს მოითხოვეს, თუმცა უარი მიიღეს. 

“პრეზიდენტს შეეძლო მოეწყო შეხვედრა ყველა ეკლესიის ლიდერთან, რათა განეხილა ამ დეკრეტების ისტორია და მისი გამოცემის მიზნები. ამის ნაცვლად, ეს საკითხი პირდაპირ მედიიდან გავიგეთ” - თქვა ერბილის არქიეპისკოპოსმა.

ბაბილონის მოძრაობა - პრო-ირანელი ქრისტიანული ბრიგადის ბრძოლა ქალდეველი ქრისტიანების წინააღმდეგ 

ბაბილონის მოძრაობა პოლიტიკურ პარტიად ბაბილონის ბრიგადების ბაზაზე ჩამოყალიბდა. ბაბილონის ბრიგადები ერაყის სახალხო მობილიზაციის ფრონტის ნაწილს წარმოადგენდნენ, რომელიც ერაყში ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შეიქმნა, თუმცა მანამდე მსგავსი გაერთიანება სხვა სახელით არსებობდა. ისლამური სახელწმიფოს წინააღმდეგ ბაბილონის ბრიგადები შიიტურ დაჯგუფებებთან ერთად იბრძოდნენ და პროირანულ პოლიტიკურ ორბიტაზე აღმოჩდნენ. 2003 წელს ერაყში აშშ-ს ძალების შესვლის შემდგომ შვიდი შიიტური, პროირანული შეიარაღებული დაჯგუფება გაერთიანდა და დაიწყეს სამხედრო თანამშრომლობა. ერაყის სახალხო მობილიზაციის ფრონტის შემადგენლობაში ბრძოლის დროს, ბაბილონის ბრიგადებმა ნინევიიის პროვინციაში მიწები, რომელთა დიდი ნაწილი ერაყელ ქრისტიანებს ეკუთვნოდა, უკანონოდ დაისაკუთრეს

ბაბილონის მოძრაობის ლიდერი აშშ-ს მიერ სანქცირებული რეიან ალ-კილდანი, იგივე რეიან “ქალდეველია”.

მიუხედავად იმისა, რომ ბაბილონის მოძრაობა ქრისტიანული მოძრაობაა, მისი ლიდერი რეიან ალ-კილდანი კი კათოლიკე, მათი პოლიტიკური აქტივობები პრო-ირანულ ძალებთანაა დაკავშირებული. ირანის პოლიტიკა ახლო აღმოსავლეთში ხშირად მოიაზრებს არაშიიტური მცირე ჯგუფების დაფინანსებას და მათი გამოყენებით სხვადასხვა პოლიტიკურ პროცესზე გავლენის გავრცელებას.

პროირანულ ჯგუფებს ერაყში ქალდეური კათოლიკე ეკლესიის და პატრიარქის წინააღმდეგ ბრძოლის რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზი აქვს. 

  • პატრიარქი საკო გამოირჩევა კრიტიკული სამოქალაქო და პოლიტიკური პოზიციებით ერაყის პრეზიდენტის წინააღმდეგ. პირველიერარქი მხარს უჭერდა ანტისამთავრობო თიშრენის მოძრაობას, რომელიც 2019-2021 წლებში ბაღდადში აქტიურ საპროტესტო მოძრაობას წარმოადგენდა. საკო პრეზიდენტი რაშიდისა და მთავრობის აქტიურ ოპონენტად ჩამოყალიბდა.
  • ამას გარდა, პროირანული ჯგუფები აქტიურად ცდილობენ ნინევიის რეგიონში ყოფილი ქრისტიანული ტერიტორიების დაკავებასა და იქ შიიტური დასახლებების მშენებლობას. აშშ-ში დაფუძნებულმა Assyrian Policy Institute-მა განიხილა ნინევიის ადგილობრივი ხელისუფლების გეგმა, რომლის მიხედვითაც ისინი ააშენებდნენ ახალ დასახლებებს ჰამდანიას ოლქში, ხოლო განსახლების პროცესს ირანიდან მართული ჯგუფი PMU-ს 30-ე ბრიგადა აკონტროლებდა. “შიიტური განაშენიანება” ნინევიაში დემოგრაფიული სურათის რადიკალურად შეცვლის მცდელობაა, რასაც ქრისტიანების ერაყიდან მასობრივი გადინება ხელს უწყობს. 
  • ამავდროულად, რეიან ალ-კილდანი იბრძვის ერაყში ქრისტიანული საზოგადოების მატერიალური აქტივების განკარგვის უფლებისთვის, რაც მისთვის არამხოლოდ მატერიალური სარგებელი იქნება, არამედ მნიშვნელოვანი ნაბიჯი ერაყიდან ქალდეური ქრისტიანული ეკლესიის და საკოს მომხრე ქრისტიანების განსადევნად. შეიძლება ითქვას, რომ საკოს პროაქტიური პოზიციები ერთდროულად რამდენიმე პოლიტიკური აქტორისთვის ხელისშემშლელი იყო.

ორი ქურთული პარტია ქრისტიანული დაპირისპირების შუაგულში

ქრისტიანულ ბლოკებს შორის კონფრონტაცია გარკვეულწილად ერაყის ქურთისტანის  ქურთულ პარტიებს შორის პოლიტიკური დაპირისპირების გამოვლინებაა. ეს დაპირისპირება ექვს ათწლეულს ითვლის და ამ დრომ შეძლო პოლიტიკური დაპირისპირების არეკლვა თემურ დონეზე. ერთი შეხედვით, აბსურდულია, რომ ქურთისტანის დღევანდელი პოლარიზაცია ქურთისტანის ლიდერებს - მუსტაფა ბარზანისა და იბრაჰიმ აჰმადის 1964 წლის დაპირისპირების პირდაპირი შედეგია, რამად ქურთისტანის დემოკრატიული პარტიის - KDP და საერთოდ, მთელი ქურთისტანის ორად გახლეჩვა გამოიწვია. დღევანდელი ფორმაციის KDP-ის ლიდერები მუსტაფა ბარზანის შთამომავლები არიან, ხოლო მეორე დიდი პარტიის - ქურთისტანის პატრიოტული მოძრაობის - PUK ლიდერი იბრაჰიმ აჰმადის შთამომავლები. ეს პარტიები იბრძვიან ძალაუფლებისთვის ქურთისტანში და მსოფლიოს მრავალ დიდ აქტორთან ერთად გავლენას ახდენენ ქურთისტანის მომავალზე. 2007 წელს ამ ორმა ძირითადმა ქურთულმა პარტიამ ნომინალურ შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომელიც სამომავლოდ მათი მშვიდობიანი თანამშრომლობის საფუძველი უნდა გამხდარიყო, თუმცა დაპირსიპირება დღემდე გრძელდება და ძერწავს ქურთულ და ერაყულ პოლიტიკურ ყოველდღიურობას. 

ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის ვაშინგტონის ინსტიტუტის მკვლევარი ბილალ ვაჰაბი აღნიშნავს, რომ ქალდეური ეკლესიის პატრიარქ საკოსა და ბაბილონის მოძრაობის ლიდერის რეიალ ილ-კილდანის შორის დაპირისპირება ორ მთავარ ქურთულ პარტიას დაპირისპირებასთანაა კავშირში - ქურთული დემოკრატიული პარტია KDP და ქურთისტანის პატრიოტული კავშირი PUK. ერაყის პოლიტიკურ დღის წესრიგში რელიგიურ და ეთნიკურ ნიშნებთან ერთად ძალიან აქტუალურია ტომობრივი დაყოფაც. ქურთული დემოკრატიული პარტიის მმართველები ბარზანის ოჯახი არიან , ხოლო ქურთისტანის პატრიოტული კავშირის ლიდერები თალაბანის გვარი, სწორედ ამ უკანასკნელის მოკავშირეა ერაყის პრეზიდენტი რაშიდი, ხოლო ქურთულ დემოკრატიულ პარტიასთან თანამშრომლობს პატრიარქის საკო. ქალდეური ეკლესიის განდევნილი პატრიარქი ამჟამად ერბილში, სწორედ KDP-ის ტერიტორიაზე იმყოფება.

ერაყში ქურთისტანის რეგიონს ავტონომიის სტატუსი აქვს და მას ქურთისტანის რეგიონალური მთავრობა მართავს. ერაყის ამჟამინდელ მთავრობაში არიან წევრები, როგორც ქურთისტანის დემოკრატიული პარტიიდან (KDP), ისე ქურთისტანის პატრიოტული კავშირიდან (PUK). კოალიციური მმართველობის მიუხედავად, დაძაბულობის ხარისხი ორ დაპირისპირებულ ქურთულ პარტიას შორის მაღალია. 

ქურთული პარტიების დაპირისპირების მთავარი ფაქტორი ქურთისტანის რეგიონალური მთავრობის ბიუჯეტის განაწილებაა. ქურთისტანის პატრიოტული კავშირი (PUK) სულაიმანიას რეგიონს აკონტროლებს, რომელიც ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს და ირანს ესაზღვრება. ბოლო პერიოდში, პარტიული დაპირისპირების ყველაზე ცხელი საკითხი სწორედ სულაიმანიას რეგიონისთვის ბიუჯეტის მნიშვნელოვნად შემცირებაა, რის გამოც ამ რეგიონში სამთავრობო და თავდაცვის უწყებების ხელფასების გადახდა წელს ვერ ხერხდება. ბიუჯეტის 57% KDP-ის მიერ ადმინისტრირებულ ტერიტორიას ეკუთვნის, ხოლო 43% PUK-ის პროვინციებს. ორივე მხარეს ქურთისტანის ფულის განკარგვის საკუთარი ხედვა გააჩნია: KDP-ის წევრების აზრით ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფული სახელმწიფო სამსახურებისთვის მათ პროდუქტიულობაზე და რეგიონის გამართულად მუშაობის ხარისხზე უნდა იყოს მიბმული, ხოლო PUK-ის მხარე მიიჩნევს, რომ ბიუჯეტი თანაბრად უნდა გადანაწილდეს. ქურთისტანის პატრიოტული კავშირის (PUK) პრეტენზიების ერთ-ერთი მთავარი საყრდენი ისიცაა, რომ  სულაიმანიას რეგიონი, რომელის PUK-ის ადმინისტრირების ქვეშაა, ესაზღვრება ირანს და გაცილებით კომპლექსური სახელმწიფო ფუნქციების შესრულება უწევთ, ვიდრე სხვა რეგიონებს. ირან-ერაყის საზღვრის კონტროლის ადმინისტრირებისთვის საჭირო რესურსებს, PUK-ის აზრით, ქურთისტანის მთავრობა მათ არ აწვდის. 

ბიუჯეტირების საკითხი ერაყის ქურთისტანში დიდწილად რეგიონში მოპოვებულ ნავთობზეა დამოკიდებული. როგორც ყველაფერი ერაყის ქურთისტანში, ნავთობის მოპოვების კერებიც გადანაწილბულია ორ პარტიას - PUK-სა და KDP-ს შორის. მიუხედავად იმისა, რომ ნავთობით უხვი ადგილების დიდი ნაწილი KDP-ის მხარესაა მოქცეული, ამ ტერიტორიებზე მოპოვებული ნავთობის ხარისხი იმდენად დაბალია, რომ PUK-ის კონტროლირებად მიწებზე მოპოვებულ ნავთობთან შერევის გარეშე მისი გაყიდვა შეუძლებელია. ამგვარად, დაპირისპირებულ მხარეებს ნავთობი ბიზნეს პარტნიორებად აქცევს. 

ერაყში და ერაყის ქურთისტანში მიმდინარე თითქმის ყველა პოლიტიკური დაპირისპირების მიღმა არსებობს გარკვეული პროირანული ინტერესი, რომელიც ირანის ისლამური რესპუბლიკის ზოგადი გეოპოლიტიკური სტრატეგიის მცირე ნაწილია. ირანი ცდილობს, რომ ერაყის სოციალური, დემოგრაფიული და ეკონომიკური მდგომარეობა მისთვის ხელსაყრელ ფორმამდე მიიყვანიოს, რაც მომავალში ერაყს ახლო აღმოსავლეთში ირანის სანდო მოკავშირედ აქცევს - გააქროს ქურთული კვალი, ხელი შეუწყოს ქრისტიანების მასობრივ მიგრაციას და გააძლიეროს პროირანული ძალები ყველა პროვინციაში. შეიძლება ითქვას, რომ ამ მასშტაბურ გეოპოლიტიკურ პროცესებს - რაც უახლოეს ათწლეულებში საბოლოოდ განსაზღვრავს ერაყის პოლიტიკურ ბედს - შეეწირა ერაყელი პატრიარქი, რომელიც ერაყის პროგრესული მომავლის პერსპექტივების გადარჩენას ცდილობდა. 

კომენტარები