თბილისის მერია

სადგურის მოედნიდან გმირთა მოედნამდე საავტობუსე ზოლი დაიხაზა

fb/თბილისის მერია

თბილისში, სადგურის მოედნიდან გმირთა მოედნამდე ავტობუსებისთვის განკუთვნილი სპეციალური ზოლი, ე.წ. BUS Lane დაიხაზა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

"სადგურის მოედნიდან გმირთა მოედნამდე, ორივე მხარეს გაჩნდა საავტობუსე ზოლები იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გადაადგილება თავისუფლად იყოს შესაძლებელი. ეს იყო ერთ-ერთი ურთულესი და პრობლემური მონაკვეთი, სადაც ავტობუსი, მიკროავტობუსი და კერძო ავტომობილი ერთმანეთში ირეოდა, გარკვეულ დაბრკოლებებს წარმოადგენდა, სულ საცობები იყო და ამ მონაკვეთზე გადაადგილება ყოველთვის პრობლემა იყო". - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეუსრულებელი მარშრუტების ნახევარზე მეტი სწორედ ამ მონაკვეთზე, თამარ მეფის გამზირზე მოდიოდა.

"დღეის მდგომარეობით, დაახლოებით 500-მდე შეუსრულებელი ავტობუსის გადაადგილება გვაქვს, რაც ძალიან დიდი პრობლემაა. წარმოიდგინეთ, აქედან 250 მხოლოდ და მხოლოდ ამ კონკრეტულ მონაკვეთზე, სადგურის მოედნიდან გმირთა მოედნამდე მოდიოდა, იმდენად რთული ვითარება იყო. BUS Lane-ით ეს პრობლემა მოიხსნება და უკვე ავტობუსიცა და მიკროავტობუსიც იმ რაოდენობის გადაადგილების განხორციელებას შეძლებს, რაც მათ დაგეგმილი აქვთ". - ამბობს კახა კალაძე.

თამარ მეფის გამზირზე გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასრულდა. გარდა საავტობუსე ზოლებისა, აგრეთვე, პროექტის ფარგლებში სრულად განახლდა საგზაო ნიშნები, შუქნიშნით
რეგულირებადი ზებრა გადასასვლელები და გზის გამყოფი კუნძულები. გარდა ამისა, ტერიტორიაზე მოეწყო სარწყავი სისტემა და მიმდინარეობს გამწვანების სამუშაოები. ტერიტორია სრულად ადაპტირდა შშმ პირებისთვის.

კომენტარები